პარალიმპიური თამაშები

პარალიმპიური თამაშებიოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება თანდაყოლილი ან შეძენილი ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, იქვე, სადაც ოლიმპიური თამაშები იმართება. ასპარეზობის შემოღების იდეა უკავშირდება ინგლისელი ნეიროქირურგის — ლუდვიგ გუტმანის სახელს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ ეილსბერიში, სტიკ-მენდევილის ჰოსპიტლის ბაზაზე ხერხემლის ტრავმების სამკურნალო ცენტრი დააარსა. მან პირველმა ჩართო აქტიური სპორტი იმ ჯარისკაცთა რეაბილიტაციის პროცესში, რომლებსაც ზურგის ტვინი ჰქონდათ დაზიანებული. 1948 წლის 28 ივლისს სტოკ-მენდევილის ჰოსპიტალში გაიმართა პირველი შეჯიბრება მშვილდოსნობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის, მონაწილენი სარბიელზე ეტლებით გამოვიდნენ. ტურნირი სიმბოლურად დაემთხვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღს. 1956 წელს ლუდვიგ გუტმანმა შეიმუშავა ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის განვითარებას მთელ მსოფლიოში. 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრება ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში. მონაწილეობდა 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი.

ლოგო
2004 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ათენში.

1976 წელს შვეიცარიაში გაიმართა ზამთრის პირველი თამაშები შშმ პირებისთვის. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა ოლიმპიური დარბაზები და სტადიონები შშმ პირებს დაუთმეს. აქედან მოყოლებული, ამ შეჯიბრებას პარალიმპიური თამაშები ეწოდება. 1982 წელს შეიქმნა შშმ პირთა სპორტის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელმაც ხელი შეუწყო პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციასა და გაფართოებას.

1989 წლიდან ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 163 ქვეყნის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და 5 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპიელები მონაწილეობენ 20-ზე მეტ სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ველოსპორტი, კალათბურთი, ფეხბურთი, ჰოკეი, ფარიკაობა, თხილამურობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

ქართული პარალიმპიური კომიტეტი 90-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა პარალიმპიურმა კომიტეტმა განვითარება 2006 წლიდან დაიწყო და პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი — იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობის დისციპლინაში და შედეგად მე-8 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება