ღირსი პაისი დიდიV საუკუნეში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა ეგვიპტეში, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. წმინდანის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ კი ანგელოზის შეგონებით უმცროსი შვილი - პაისი ღვთისმსახურებს მიაბარა აღსაზრდელად. პაისიმ სიყრმეშივე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როდესაც წამოიზარდა, ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტს მიაშურა. აქ ნეტარმა სრულიად მოიკვეთა საკუთარი ნება და ყველაფერში მოძღვარს, წმინდა პამვას (ხს. 18 ივლისს) ემორჩილებოდა. მოსაგრე გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილს, მოუკლებლად ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, თავდაპირველად იგი კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს, შემდეგ - ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ კი, წმიდა ზიარების მიღების შემდეგ, მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე რჩებოდა უსმელ-უჭმელი. პაისი წმინდა პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. აქ ნეტარი მამა საოცარი ჩვენების ხილვის ღირსი შეიქმნა: თავად უფალმა იესო ქრისტემ განუცხადა, რომ მისი ღვაწლის მეოხებით მთელი უდაბნო სულიერ მოღვაწეთა სამკვიდრებლებით მოიფინებოდა. პაისი გაკადნიერდა ეკითხა, როგორ შეძლებენო ისინი არსებობას ამ უსიცოცხლო გარემოში. უფალმა მიუგო: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მე თვითონ მივაწვდი მათ ყველაფერ აუცილებელს და ბოროტის საცთურთა მახესაც განვარიდებ!“

ღირსი პაისი დიდი

თანდათან წმიდა მამის ირგვლივ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები შემოიკრიბნენ და მონასტრებიც დაარსდა. წმიდა მამას სული დაუმძიმა მდუმარების აღთქმის დარღვევამ და უფრო შორეულ მღვიმეში გადასახლდა.

დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: „შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ“, მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: „ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ - ნათლისღების მადლი განგეშორა“. მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.

ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმინდანი პასუხობდა: „ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის“.

ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 4 თებერვალს) ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის მონასტერში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშტის გვერდით დააბრძანა. წმინდანის ხსენების დღეა 19 (2.07) ივნისი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.