პამვა მეუდაბნოე (გ. 375) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ივლისი, ახალი სტილით — 31 ივლისი.

ცხოვრება

რედაქტირება

ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმინდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა.

წმინდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმინდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.

ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმინდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ, მამაო?!“ - ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ: ერთი - ამ ქალის წარწყმედა და მეორე - საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი - ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად“.

ღირს პამვას მის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი - მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი - სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმინდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. - {[ციტატა|„მამაო, - თქვა მელანიამ, - იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“
- „შვილო ჩემო, - მიუგო მოსაგრემ, - უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული... ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა“.}}

ღირსი პამვა ერისკაცებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ ბერებს, რომლებიც უფრო ხშირად საუბრობენ უფალთან.

ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენ დიდის (ხს. 9 სექტემბერს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება