პაველ კლუშანცევი (რუს. Клушанцев, Павел Владимирович; დ. 25 თებერვალი 1910, სანქტ-პეტერბურგი — გ. 27 აპრილი 1999, სანქტ-პეტერბურგი) — საბჭოთა კინორეჟისორი, მწერალი. რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1970). სამეცნიერო-პოპულარული კინო შეათავსა სამეცნიერო ფანტასტიკასთან, რითაც სათავე დაუდო სამეცნიერო-ფანტასტიკური კინონარკვევის ჟანრს.

პაველ კლუშანცევი

პაველ კლუშანცევი 1965 წელს
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1910
სანქტ-პეტერბურგი
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1999 (89 წლის)
სანქტ-პეტერბურგი
ეროვნება რუსი
საქმიანობა კინორეჟისორი
ავტორი
პროდიუსერი
სცენარისტი
აქტიური 1930–1981

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის ფოტოკინოტექნიკუმის საოპერატორო ფაკულტეტი. 1932 წლიდან იყო კინოსტუდია „ბელარუსფილმის“ ოპერატორი, ხოლო 1934 წლიდან მუშაობდა „ლენფილმში“, სადაც 1935 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ-დამდგმელის ამპლუაში (ფილმი „შვიდი ბარიერი“) და 1937 წელს დააარსა კომბინირებული გადაღებების საამქრო. გამოიგონა გადაღების რიგი ნოვატორული ხერხი (კერძოდ, ფართოდ გავრცელებული კომბინირებული გადაღების ლუმინესცენციური მეთოდი) და კომბინირებული და ტრიუკების გადაღებების ტექნიკური მოწყობილობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოპერატორად და რეჟისორად მუშაობდა სტუდია „სიბტექფილმში“, რომელიც უშვებდა სამხედრო-სასწავლო ფილმებს. ომის შემდეგ აგრძელებდა შემოქმედებით საქმიანობას ლენინგრადის კინოსტუდიაში. ფილმში „სამყარო“ (1951), პირველად გამოჩნდა სამეცნიერო-ფანტასტიკური მოტივები. აღსანიშნავია კინემატოგრაფიული ხერხები, რომელიც გამოყენებულია ფილმში „გზა ვარსკვლავებისკენ“ (1958).

1945 წელს დაბრუნდა ლენინგრადის სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში, იყო ოპერატორი, რეჟისორ-დამდგმელი და სცენარისტი. 1962 წელს გადაიღო „ქარიშხლების პლანეტა“, რომელსაც საფუძვლად დაედო ალექსანდრე კაზანცევის ამავე სახელწოდების მოთხრობა. საბჭოთა კავშირში ფილმი არ აღიარეს, თუმცა ფილმის გაქირავებაზე უფლება მსოფლიოს 28 ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო აშშ-ში გამოვიდა ამ ფილმის ხელახლა დამონტაჟებული ორი ვერსია — „მოგზაურობა ისტორიამდელ პლანეტაზე“ (1965) და „მოგზაურობა ისტორიამდელი ქალების პლანეტაზე“ (1968), რომლებშიც კლუშანცევის ორიგინალურ მასალებთან ერთად იყო დამატებული გადაღებები ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით (უკანასკნელ ფილმში აგრეთვე გამოიყენებოდა სხვა საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის „ზეცა გვეძახის“ ფრაგმენტები).

1972 წელს კლუშანცევი პენსიაზე გავიდა, რის შემდეგ პროფესიული საქმიანობით აღარ დაკავებულა. მთლიანობაში კლუშანცევს გადაღებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი და სიუჟეტი. ავტორია რიგი საბავშვო სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. მისი სახელობისაა ასტეროიდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება