ოჩოფეხა (მოწყობილობა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოჩოფეხა (მრავალმნიშვნელოვანი).

ოჩოფეხა — ჭაობიან ადგილებში გასასვლელი მოწყობილობა. შედგებოდა წყვილი კაუჭიანი ჯოხისაგან, რომელზედაც შემდგარი კაცი გადიოდა გუბეებსა და ტალახში. ოჩოფეხას მსოფლიოს მრავალი ხალხი იყენებდა. განსაკუთრებით გავრცელებულია საფრანგეთში, გასკონიის ლანდებში, სადაც ზღვისპირა, სწორ ჭაობიან ბუჩქნარებსა და ველებზე მათი გამოყენების გარეშე მწყემსებს გადაადგილება უჭირთ. ოჩოფეხაზე ამაგრებენ ძვლის მრგვალ ფირფიტებს, რის გამოც იგი ჭაობში ღრმად არ ეფლობა, არ ცვდება და დიდი ნაბიჯების გადადგმაც ადვილად ხერხდება.

საქართველოში ოჩოფეხას ჭაობიან ადგილებში XIX საუკუნის ბოლომდე იყენებდნენ. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ოჩოფეხას ხმარობდნენ ხალხურ დღესასწაულებისა და კარნავალების დროს. იგი „ყეენობაშიც“ იხმარებოდა, ოჩოფეხაზე შემდგარი ე. წ. „ყეენის მარბიელი“, პირდაპირ მეორე სართულის აივნებიდან კრეფდა „ყეენის ბეგარას“. სახელი „ოჩოფეხა“ რელიგიურ-მითოლოგიური შინაარსისაა (ოჩოფეხა — თხის ფეხა), როგორც ჩანს, თხისფეხიანი ან თხის მსგავსი მითოლოგიური პერსონაჟები მონაწილეობდნენ უძველეს ქართულ მისტერიებში (ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე). მათი პარალელური მოვლენაა ბერძნული თხისფეხიანი ღვთაება — პანი. ასეთი ღვთაებები ბუნების მფარველ დიონისურ ძალებს განასახიერებდნენ, რომელთა კულტებში განსაკუთრებით ძლიერი იყო თხის ზოომორფიული სიმბოლიკა.

ოჩოფეხა ხისძირიან ქოშებსაც ერქვა. იგი დღემდეა შემონახული საბავშვო თამაშობებში.

ლიტერატურა

რედაქტირება