ოქსიმორონი
ოქსიმორონი (ბერძნ. oxymoron — გონებამახვილური სისულელე < oxy- მჭრელი, ბასრი, მახვილი და moron — უგუნურება) — სტილისტური ხერხი, ტროპის სახე; ემყარება ერთმანეთთან „შეუთავსებელ“, ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება. ოქსიმორონი ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივ მეტყველებაში („მშრალი ღვინო“, „მჭევრმეტყველი დუმილი“ და სხვა), რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში.
მაგ., „თვალნო ლამაზნო, ვინ უძლს თქვენსა ძლიერს ბასრობას, თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)
„შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან აროდეს მომესვენება“ (გიორგი ლეონიძე)
„დუმილი რეკავს“ (მუხრან მაჭავარიანი)
ოქსიმორონია ზოგიერთი ნაწარმოების სათაური: „ცოცხალი ლეში“ (ლევ ტოლსტოი), „ოპტიმისტური ტრაგედია“ (ვსევოლოდ ვიშნევსკი), „მზიანი ღამე“ (ნოდარ დუმბაძე).
ოქსიმორონი პარადოქსის ერთ-ერთი სახეა. მისი მხატვრული ფუნქციაა მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაჩეჩილაძე ს., ქსე, ტ. 7, გვ. 615-616, თბ., 1984