ოქმი
ოქმი (ფრანგ. Le Procès-Verbal) 一 ფრანგი ნობელიანტი ავტორის, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს სადებიუტო რომანი, რომელიც 1963 წელს გამოიცა. ნაწარმოების სიუჟეტი ახალგაზრდა პრობლემატური მამაკაცის, ადამ პოლოს ცხოვრებას მიუყვება, რომელიც მზარდ გაუცხოებას განიცდის გარშემომყოფთა და მათი ქცევების მიმართ.[1] ნაწარმოებმა გამოცემის წელსვე დაიმსახურა რენოდოს პრემია მას შემდეგ, რაც გონკურის პრემიის აღებამდე ავტორს ცოტა დააკლდა.[2]
„ოქმი“ | |
---|---|
Le Procès-Verbal | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
გამომცემელი | Atheneum Books, Penguin Books და Simon & Schuster |
გამოცემის თარიღი | 1963 |
მთარგმნელი | ვლადიმერ რაქვიაშვილი |
ქართულად გამოიცა | 2017 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 252 |
oclc | 27088925 |
მომდევნო | Le Jour où Beaumont fit connaissance avec sa douleur |
ISBN | 9789941466861 |
ავტორმა, რომელიც ნაწარმოების გამოცემის წელს სულ რაღაც ოცდასამი წლის იყო, ამ უნიკალური სადებიუტო რომანის წყალობით მყისიერ წარმატებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც ლე კლეზიოს ნაწარმოებისთვის გონკურის პრემიის დაუფლებამდე ცოტა დააკლდა, მან რენოდოს არანაკლებ პრესტიჟული პრემია დაიმსახურა.[3] მწერლის ორიგინალურმა სტილმა და არანაკლებ განსაკუთრებულმა სიუჟეტმა (ავტორის აზრით, „ხუმრობაზე ცოტა მეტი“[4]) საყოველთაო მოწონება დაიმსახურა როგორც საფრანგეთში, ისე მის გარეთაც, რითაც ლე კლეზიომ შესანიშნავი ნიჭის მქონე ნოველისტის რეპუტაცია მოიხვეჭა. ზოგიერთი კრიტიკოსი ავტორის ამ დებიუტს ლიტერატურულ ასპარეზზე ალბერ კამიუს გამოჩენას, თავისი პირველი ნაწარმოებით 一 უცხო, ადარებს.[5]
წიგნი შესულია ლე მონდის საუკუნის 100 ნაწარმოების სიაში, 72-ე ადგილზე.[6] 2022 წელს წიგნი შეიტანეს დიდი საიუბილეო საკითხავი რომანების 70-ეულში, რომელიც შერჩეული იყო ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეს აღსანიშნავად.[7]
სიუჟეტი
რედაქტირებაოცდაათი წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ადამ პოლო, რომელიც საკუთარი მარგინალიზებული იდეებით გამოირჩევა, სამხრეთ საფრანგეთის ერთ მიტოვებულ სახლში, სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს. გრძელი თმითა და წვერით იგი მათხოვარს ემსგავსება. მას ამნეზია აწუხებს და არ ახსოვს, იგი არმიიდან დაითხოვეს, თუ ფსიქიატრიულიდან გამოიქცა. ქალაქს იგი იშვიათად სტუმრობს, საკუთარ დროს იგი მზის ქვეშ ბანაობასა და ბუნების დაკვირვებაში ატარებს. ამის პარალელურად, იგი წერს და პერიოდულად ფურცელზე საკუთარ ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ აკვიატებებს გამოხატავს (რაც ნაწარმოების არსებით მასალას წარმოადგენს). იგი ხშირად იხედება საკუთარი ფანჯრიდან და, მსგავსად ჩაფიქრებული, მის წინ გადაშლილ პეიზაჟს გასცქერის. მალე ის ურთიერთობაში შედის ახალგაზრდა ქალთან, სახელად მიშელთან, რომელიც ისურვებდა, დახმარებოდა ადამს, თუმცა, უცნობი მიზეზის გამო, არ შეუძლია. ადამიანური კონტაქტის ნაკლებობა გავლენას ახდენს მასზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. მალე მას ჰალუცინაციები დაეწყება და იგი სამყაროს განსხვავებული რაკურსით, სახელდობრ ძაღლისა თუ ვირთხის თვალსაწიერიდან, უყურებს. ერთხელაც, იგი გადის ქალაქში და პროსპექტზე სიტყვით გამოდის. მისი შემაშფოთებელი გამომეტყველების მქონე საუბარი გახდება მისი დაპატიმრების მიზეზი. მას მალე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანენ. აქ ის თავს, ყოვლადგასაკვირად, ცუდად არ გრძნობს 一 ყოველდღიური შეხება ფსიქოლოგიის სტუდენტებთან მას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება ხშირად ისაუბროს მეტაფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ საკითხებზე, თუმცა მისი მცდელობა, ახსნას საკუთარი თავი, სასურველ შედეგს ვერ იღებს. როგორც ჩანს, ასეთია მისი ბედისწერა. სიუჟეტი მთავრდება ადამ პოლოს სევდიანი და უიმედო მონოლოგით, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა, დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, თუმცა მისი ეს მცდელობა კრახით მთავრდება, იგი გიჟდება და საზოგადოებისგან უარყოფილი ხდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Interrogation by J. M. G. Le Clézio, translated by Daphne Woodward. John Madera fiction (2009-01-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-10. ციტირების თარიღი: 2009-02-09
- ↑ https://www.babelio.com/prix/1/Goncourt
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-02. ციტირების თარიღი: 2023-01-02.
- ↑ https://www.complete-review.com/reviews/leclezio/interrog.htm
- ↑ https://www.scribd.com/book/224404892/The-Interrogation-A-Novel
- ↑ https://thegreatestbooks.org/lists/108
- ↑ The Big Jubilee Read: A literary celebration of Queen Elizabeth II's record-breaking reign (17 April 2022). ციტირების თარიღი: 14 July 2022