ოსიაურის ღვთისმშობლის ეკლესია
ოსიაურის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის დასავლეთით. აქ ძველი ეკლესიის ნანგრევები ყოფილა, რომელზეც 1990 წელს გიორგი ხარსელს აუგია დღევანდენი ეკლესია.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა (4,6X7,1). ნაგებია ქვიშაქვით, კუთხეებში გამოყენებულია კოზმანის ქვა.
ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ტოლი ნიშებია. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. ყველა სარკმლის თაღი ნახევარწრიულია, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მისი თაღიც ნახევარწრიულია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც კედლებს ებჯინება. გადახურვა კედლებიდან გამოყოფილია უბრალო კარნიზით. ასეთივე კარნიზით არის გამოყოფილი აფსიდი კონქისაგან.
იატაკი მოზაიკის ფილებითაა მოპირკეთებული. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია დარბაზის იატაკთან შედარებით. კანკელი ხისაა და უბრალოა. შიგნითა კედლები შელესილია გაჯით.
დასავლეთის ფასადზე აგურით გამოსახულია ჯვარი. გადახურვა ორფერდაა და თუნუქისაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს შემოუყვება აგურის სამსაფეხურიანი კარნიზი, ხოლო დასავლეთის და აღმოსავლეთის კედელს ორსაფეხურიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ,,ოსიაური", ხაშური, 2013 წ.