ერვანდუნები

(გადამისამართდა გვერდიდან ორონტიდების დინასტია)

ერვანდუნები (სომხ. Երվանդունիներ) — ირანული წარმოშობის მეფეთა და მმართველთა დინასტია ძველ სომხეთში, ხანგამოშვებით მართავდა ქვეყანას ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისიდან ძვ. წ. III საუკუნის ბოლომდე. სახელი ეწოდა გვარში გავრცელებული სახელისაგან „ერვანდ“ (ბერძნ. „ორონტას“, „ორონტეს“) მიხედვით. პირველად გამეფდა ურარტუს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისი), მის ცენტრალურ რაიონში შექმნილ სომხეთის სამეფოში, რომელსაც მალე არმე-შუფრიაც შეუერთდა. ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევრიდან ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებამდე ეს სამეფო ჯერ მიდიის, შემდეგ აქემენიდური სპარსეთის შემადგენლობაში იყო. ამ დროს ერვანდუნები სომხეთს განაგებდნენ როგორც მიდიელებისა და სპარსელების ადგილობრივი მმართველები და სატრაპები.

ერვანდუნები
ქვეყანა სომხეთი
დამაარსებელი იერვანდ I საკავაკიაცი
დაარსდა ძვ. წ. 570
დაიშალა ძვ. წ. 200
ეროვნება ირანელი ხალხები

აქემენიდური სპარსეთის დაცემის შემდეგ, ერვანდუნები დამოუკიდებელი სომხეთის მეფეები გახდნენ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სომხეთს გამოეყო წოფქ-კომაგენეს სამეფო, სადაც გამეფდა ერვანდუნების ერთ-ერთი შტო. ყველა ეს სამეფო სელევკიდებმა დაიპყრეს ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ერვანდუნები აღარ ჩანან სომხეთის სახელმწიფოთა სათავეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 182.
  • Cyril Toumanoff. "A Note on the Orontids." Le Museon. 72 (1959), pp. 1–36 and 73 (1960), pp. 73–106.
  • (სომხური) Hakop Manandyan. Քննական Տեսություն Հայ Ժողովրդի Պատմության (A Critical Study of the History of the Armenian People). vol. i. Yerevan: Haypethrat, 1944.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება