ოპერაცია ალხესირასი

ოპერაცია „ალხესირასი“
ფოლკლენდის ომის ნაწილი
თარიღი 1982
მდებარეობა გიბრალტარი
შედეგი ჩაშლილი ოპერაცია
მხარეები
დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო

ოპერაცია „ალხესირასი“ (ესპ. Algeciras) — არგენტინელი საზღვაო მებრძოლების წარუმატებელი მცდელობა განეხორციელებინათ დივერსია გიბრალტარში ბრიტანულ საზღვაო ბაზაზე. ოპერაციის წინაპირობა იყო ბრიტანელების მიერ კრეისერის „ბელგრანოს“ ჩაძირვა.

 

ოპერაციას უშუალოდ მართავდა არგენტინელი ადმირალი ხორხე ანაია, რომელიც იმ დროს იყო ეროვნული რეორგანიზაციის პროცესის წევრი და არგენტინის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელი[1]. გეგმა გასაიდუმლოებუი იყო მთავრობის სხვა წევრებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. ანაიამ თავის კაბინეტში დაიბარა ადმირალი ედუარდო მორის გირლინგი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საზღვაო დაზვერვის სამსახურზე და აუხსნა მას ევროპაში სამეფო საზღვაო ფლოტის დარტყმის მნიშვნელობა. მთელს ოპერაციას ანაია თვითონ ხელმძღვანელობდა. ოპერაციის მეთაური კი ლუის ალბერტო ფერნანდესი იყო.

სანამ კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჯგუფმა არ დაკარგა დრო უშედეგოდ და ღამით რეზინის გასაბერი ნავით გიბრალტარისკენ და უკან მიდოდნენ, რის შედეგადაც შეაგროვეს საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია. 1982 წლის 2 მაისს, სამხრეთ ატლანტიკის წყლებში, ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა „კონკერორმა“ ჩაძირა არგენტინული კრეისერი „ბელგრანო“. სულ მცირე 323 მეზღვაური დაიღუპა. როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ფერნანდესის ჯგუფს ჰქონდა მიზეზი და პირდაპირი ბრძანება ადმირალისგან, გაენადგურებინათ ბრიტანული გემები გიბრალტარის ყურეში.

პირველი დივერსიის განხორციელება დაიგეგმა 1982 წლის 31 მაისს ორი გამანადგურებლის, ფრეგატი „არიადნასა“ და საბუქსირისო ნავის წინააღმდეგ, რომლებიც, არგენტინის დაზვერვის თანახმად, გიბრალტარში უნდა ჩასულიყვნენ ამ თარიღისთვის. მაისის დასაწყისში ბუენოს-აირესიდან ესპანეთში ოპერაციის ჩასატარებლად თვითმფრინავით ჩამოვიდა ოთხი საბრძოლო მოცურავე და დივერსიული ჯგუფი, ლეიტენანტი ლუის ალბერტო ფერნანდესის ხელმძღვანელობით. დივერსიის განხორციელება იგეგმებოდა მაღალი სიმძლავრის მაგნიტური დივერსიული ნაღმების გამოყენებით. გიბრალტარის მახლობლად ესპანეთის პროვინცია კადისში ჩასვლისთანავე ჯგუფი წყვილებად გაიყო. ორი კვირის განმავლობაში, ღამით, ოთხივემ რამდენიმე ფარული შეღწევა მოახდინა გიბრალტარში და ეს შეჭრა, არგენტინის მონაცემებით, ბრიტანელებმა ვერ გამოავლინეს. ამან საშუალება მისცა ჯგუფს შეეგროვებინა ყველა საჭირო ინფორმაცია გიბრალტარში დივერსიის წარმატებით განხორციელებისთვის.

ოპერაცია ჩაიშალა. არსებობს ორი ვერსია ოპერაციის ჩაშლისა. პირველი ვერსიით, ბრიტანულმა დაზვერვამ შეძლო სამხრეთ ამერიკელი ოფიცრებისა და ესპანეთში არგენტინის საელჩოს სატელეფონო საუბრის მოსმენა. დივერსანტების გეგმების გამოვლენის შემდეგ, ბრიტანელებმა ისინი უბრალოდ გადასცეს ადგილობრივ პოლიციას. დაკავების მიზეზი სხვა მოტივით ახსნეს, რომ ყურადღება მიექციათ საეჭვო გარემოებაში მომუშავეთათვის, რომლებიც ცხოვრობენ მდიდრულ სასტუმროში, ფლანგავდნენ ფულს, ქირაობდნნ სხვადასხვა მანქანებს და ამოძრავებდათ გაუგებარი მიზნები.

მეორე ვერსიით, ესპანეთის პოლიციამ დამოუკიდებლად გამოავლინა დამნაშავეები, მათი ერთ-ერთი აგენტის მოხსენების შემდეგ. ოპერაციის დაწყებამდე რვა საათით ადრე დააკავეს მეთაური, შემდეგ კი ჯგუფის დანარჩენი წევრები. თუმცა დაკავებისას მათ ეგონათ, რომ ჩვეულებრივი კრიმინალები, ნარკოდილერები ან ტერორისტები დააკავეს, რომლებიც ფულს ყრიან. მოგვიანებით, არგენტინელების მიერ დაქირავებული ბინების ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა იარაღი, წყალქვეშა ტექნიკა და ა.შ.

1982 წლის 31 მაისს ესპანეთი ოფიციალურად შეუერთდა ნატოს და ინციდენტი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამ საქმეზე ყველა მასალა განადგურდა. არგენტინამ ამ ინციდენტში მონაწილეობა არ დაადასტურა და დივერსიული ჯგუფის წევრები ესპანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ლეოპოლდო სოტელოს ბრძანებით ქვეყნიდან გააძევეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება