ოკუმა სიგენობუ
ოკუმა სიგენობუ (იაპონ. 大隈 重信; დ. 16 თებერვალი, 1838, საგა — გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867–1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მთავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873–1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).
1882 დააარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888–1889 და 1896–1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1914–1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება 1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914–1918).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 516.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოკუმა სიგენობუ“ ვიკისაწყობში.