ოკინავას ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრის ნაწილი
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ოკინავაზე
ამერიკელი საზღვაო ქვეითი ისვრის ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან, რათა თანამებრძოლი დააზღვიოს, რომელიც ბრაუნინგის ავტომატური შაშხანით ხელში ემზადება ახალ პოზიციაზე გადასანაცვლებლად, ოკინავა, ვადას ქედი, 18 მაისი, 1945 წელი.
მდებარეობა კუნძული ოკინავა, ოკინავას პრეფექტურა, რიუკიუს კუნძულები, იაპონიის იმპერია
შედეგი ამერიკელთა გამარჯვება
მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ
საზღვაო მხარდაჭერა:

დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კანადის დროშა კანადა

იაპონია იაპონიის დროშა
მეთაურები
აშშ-ის დროშა საიმონ ბოლივარ ბაკნერი, უმც. 

აშშ-ის დროშა ჯოზეფ სტილველი
აშშ-ის დროშა როი გაიგერი
აშშ-ის დროშა კლაუდიუს მილერ იზლი 
აშშ-ის დროშა ჩესტერ უ. ნიმიცი
აშშ-ის დროშა რეიმონდ ა. სპრუენსი
აშშ-ის დროშა უილიამ ჰოლზი, უმც.

იაპონიის დროშა მიცურუ უშიჯიმა 

იაპონიის დროშა ისამუ ჩო 
იაპონიის დროშა მინორუ ოტა 
იაპონიის დროშა სეიიჩი იტო 
იაპონიის დროშა ჰირომიჩი იაჰარა (ტყვე)

ძალები
მეათე არმიის 541 000 კაცი
183 000 დამატებითი ჯარისკაცი, გაიზარდა 250 000-მდე
76 000+ იაპონელი ჯარისკაცი
40 000+ ოკინაველი ახალწვეული
დანაკარგები
14 009–20 195 დაღუპული
38 000–55 162 დაჭრილი
221 ტანკი,
12 ნაღმოსანი ჩაიძირა,
15 ამფიბიური გემი,
9 სხვა ტიპის გემი,
386 დაზიანებული გემი,
763 თვითმფრინავი
77 166 დაღუპული იაპონელი ჯარისკაცი
30 000+ დაღუპული ოკინაველი ახალწვეული
7000–15000-ზე მეტი დატყვევებული,
1 საბრძოლო ხომალდი,
1 მსუბუქი კრეისერი,
5 ნაღმოსანი გემი,
9 სხვა საბრძოლო გემი,
1430 თვითმფრინავი,
27 ტანკი,
743–1712 საარტილერიო დანადგარი
40 000–150 000 ოკინაველი სამოქალაქო პირი დაიღუპა, თვითმკვლელობა ჩაიდინა ან დაკარგულია
ოკინავას ბრძოლა ვიკისაწყობში

ოკინავას ბრძოლა — ბრძოლა კუნძულ ოკინავაზე, კოდური სახელწოდებით ოპერაცია აისბერგი, მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრის გამორჩეული და მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების არმიას, საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და იაპონიის საიმპერატორო არმიას შორის. ოკინავაზე შეტევა დაიწყო 1945 წლის 1 აპრილს, ეს იყო უმსხვილესი ამფიბიური შეტევითი ოპერაცია მეორე მსოფლიო ომში წყნარი ოკეანის კამპანიაში. კერამას კუნძულები, რომელიც გარს ეკვრის ოკინავას, ამერიკული სამოცდამეჩვიდმეტე ქვეითთა დივიზიის ძალებმა 26 მარტს ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელიც 98 დღე გაგრძელდა და 1945 წლის 2 ივლისს დასრულდა. ოკინავაზე მდებარე კადენას საჰაერო ბაზა უმნიშვნელოვანესი იყო „ოპერაცია დაუნფოლის“ ჩასატარებლად, რომელიც იაპონიის არქიპელაგის აღებას და ომში საბოლოო გამარჯვებას ისახავდა მიზნად (იაპონიის არქიპელაგი 550 კილომეტრით იყო დაშორებული ამ ბაზიდან).

ამერიკელ საზღვაო ქვეითთა პირველი დივიზია უტევს მთის ქედს, რომელზეც იაპონელები არიან გამაგრებული.
ამერიკელ საზღვაო ქვეითთა ახალი ნაკადი ზღვიდან გადადის ოკინავას ნაპირებზე.

სპეციალურად ოკინავას ბრძოლისთვის აშშ-მ შექმნა ახალი მეათე არმია, რომელიც დაკომპლექტდა აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ნაწილებისგან, ესენი იყო: არმიის მეშვიდე, ოცდამეშვიდე, სამოცდამეჩვიდმეტე და ოთხმოცდამეთექვსმეტე ქვეითთა დივიზიები, ასევე საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირველი, მეორე და მეექვსე დივიზიები. ეს ძალა განკუთვნილი იყო უშუალოდ სახმელეთო მოქმედებების ჩასატარებლად. მეათე არმიას მხარს უჭერდა საჰაერო და საზღვაო-ამფიბიური ძალებიც.

ინგლისურენოვან სამყაროში ბრძოლას მოიხსენიებენ, როგორც „ფოლადის ტაიფუნს“, იაპონელები კი მას „ფოლადის წვიმას“ ან „ფოლადის მძვინვარე ქარს“ უწოდებენ. ეს მეტსახელები მიანიშნებს ბრძოლის სისატიკეზე, იაპონელ კამიკაძეთა ინტენსიურ შეტევებსა და მოკავშირეთა გემებისა და ჯავშანმანქანების უზარმაზარ რაოდენობაზე, რომლებიც უტევდა კუნძულს. ოკინავას ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო წყნარ ოკეანეში გამართული შეტაკებებიდან. მას ორივე მხრიდან ჯამში დაახლოებით 160,000 კაცი შეეწირა, მათგან სულ მცირე 50,000 მოკავშირეების ჯარისკაცი და 84,166–117,000 იაპონელი. ცალკე დაღუპული 149,425 ადგილობრივი ოკინაველი კი კუნძულის ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. მათგან ზოგი უშუალოდ ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიც სუიციდით, დანარჩენები კი დაკარგულებად ითვლებიან. ოკინაველთა გარკვეული ნაწილი უშუალოდ იაპონიის არმიის რიგებში იბრძოდა, რადგანაც ისინი საიმპერიო ჯარის ახალწვეულები იყვნენ.

სახმელეთო ბრძოლების გარდა, საზღვაო ოპერაციებში, რომლებიც კუნძულის მიმდებარედ მიმდინარეობდა, ორივე მხარემ დიდი დანაკარგები ნახა, მათ შორის იყო იაპონელთა ცნობილი საბრძოლო ხომალდი იამატო.

ბრძოლის შემდეგ ოკინავა ამერიკული ძალებისთვის იქცა მნიშვნელოვან ნავსადგურად, ქვეითი ჯარების სადისლოკაციო ბაზად და მნიშვნელოვან სააეროპორტო სტრატეგიულ წერტილად, რათა აქედან მომხდარიყო იაპონიის არქიპელაგზე შეტევა და იაპონიის საბოლოო დამარცხება მისი ოკუპაციით. თუმცა ეს განუხორციელებელ გეგმად დარჩა, ვინაიდან ამერიკელთა მიერ ატომური ბომბების ჩამოგდების შემდეგ იაპონიამ კაპიტულაცია ოფიციალურად გამოაცხადა და ამერიკას აღარ დასჭირდა „ოპერაცია დაუნფოლის“ ჩატარება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Astor, Gerald (1996). Operation Iceberg: The Invasion and Conquest of Okinawa in World War II.
  • Appleman, Roy; Burns, James; Gugeler, Russel; Stevens, John (1948).
  • Alexander, Joseph (1995). The Final Campaign: Marines in the Victory on Okinawa. U.S. Marine Corps History Division.
  • Nichols, Charles; Shaw, Henry (1955). Okinawa: Victory in the Pacific.
  • Rottman, Gordon (2002). Okinawa 1945: The last Battle. Osprey Publishing.