ოიამა იკუო
ოიამა იკუო (იაპონ. 大山 郁夫; დ. 20 სექტემბერი, 1880, ვაკასანო, აკაჰოს მაზრა, ჰიოგის პრეფექტურა — გ. 30 ნოემბერი, 1955, ტოკიო) — იაპონიის საზოგადო მოღვაწე. 1905 დაამთავრა ვასედას (ტოკიო) უნივერსიტეტის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1906-იდან ვასედას უნივერსიტეტის მასწავლებელი, 1915-იდან პროფესორი. 1926—1928 მუშურ-გლეხური პარტიის, 1929—1931 ახალი მუშურ-გლეხური პარტიის თავმჯდომარე. 1932 ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, სადაც სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ჩრდილოეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში (ევანსტონი). 1947 დაბრუნდა იაპონიაში. დიდი როლი ითამაშა იაპონიაში მშვიდობის II ეროვნული კონგრესის მოწვევაში (1949 წლის აპრილი). 1950-იდან მშვიდობის დაცვის იაპონიის კომიტეტის თავმჯდომარე. 1951-იდან მშვიდობის მსოფლიო საბჭოს ბიუროს წევრი. ატომური და წყალბადის იარაღის აკრძალვისათვის I საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი (ჰიროსიმა, 1955 წლის აგვისტო). 1930—1932 და 1950—1955 იაპონიის პარლამენტის დეპუტატი. „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი (1951).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 506.