ოთარ დავითის ძე ონიაშვილი (დ. 13 მაისი, 1915, თბილისი — გ. 14 აგვისტო, 1968, იქვე) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1935 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1936-1944 წლებში მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებში. 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციების განყოფილებას. ო. ონააშვილის სამეცნიერო შრომებს, მიძღვნილს გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგის განვითარებაში. მან საფუძველი ჩაუყარა აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას, ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი აღმასკომის წევრი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების, ინგლისური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 295, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება