ოთარ ლიპარტელიანი

ოთარ ანტონის ძე ლიპარტელიანი (დ. 3 დეკემბერი, 1932, სოფელი კახურა, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1990), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1994).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1976-1978 წლებში ლიპარტელიანი ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და 1979-1989 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სელექცია-გენეტიკის განხრით. 1985 წელს მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის. 1986 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის, ქართული 9-ის გამოყვანისა და დანერგვისათვის. 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში, 1993-2004 წლებში იყო ამავე სადგურის დირექტორი. 2013 წლიდან – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი, 2014 წლიდან – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ლიპარტელიანი მუშაობს ერთწლოვანი კულტურების სელექციისა და გენეტიკის საკითხებზე. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია სიმინდის 8 ჰიბრიდი და 1 ჯიში, მ. შ. 2 ჰიბრიდი გასავრცელებლად დაშვებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინასა და სამხრეთ რუსეთში. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს, მრავალი გამოგონებისა და პატენტის ავტორი.

  • სიმინდის მეთესლეობა საქართველოში, თბ., 1965;
  • ჰიბრიდული სიმინდის სელექცია საქართველოში, თბ., 1974;
  • სიმინდი საქართველოში, თბ., 2014.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება