ოთარაანის ღვთისმშობლის ეკლესია
ოთარაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარაანის ჩრდილო-დასავლეთით, 400 მეტრზე, თბილისი-თელავის საავტორო გზის მარცხენა მხარეს გორაკზე. სავარუდოდ, განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.
ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა. შენობის გეგმის კონტურში, რომელიც თითქმის კვადრატულია. ჩაწერილია გვერდიგვერდ განლაგებული, სხვადასხვა ზომის სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. მათ შორის შუა, მთავარია. იგი გვერდით ეკლესიებთან შედარებით რამდენადმე განიერია და მაღალი. მთავარი ეკლესიის დასავლეთით დერეფანია, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი, ჩამონგრეულია გვერდითი ეკლესიებისა და დასავლეთ გარშემოსასვლელის გადახურვა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ დერეფანი. მთავარი ეკლესიის განივი კედლები მთელ სიმაღლეზეა გახეთხილი, ინტერიერის დიდი ნაწილი მიწითა და ქვებითაა ამოვსებული.
შენობა, ძირითადად, სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის ნატეხი ქვითაა ნაგები. გარეთა კედლების წყობაში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ქვები ზომისა და ფორმის მიხედვით არ არის შერჩეული, მათი უმეტესი ნაწილი ფეხზეა დაყენებული და ფასადის მხარეს პირით არის მიქცეული. ქვებს შორის დარჩენილი არეები კი, წვრილი, ნატეხი ქვითაა და კირის ხსნარითაა შევსებული. ფასადებისგან განსხვავებით, ეკლესიის შიგნითა კედლები წვრილი, ნატეხი ქვითა და რიყის ქვითაა ამოყვანილი და შელესილია.
მოგვიანებით ეკლესია გადაუკეთებიათ: შენობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მთავარი ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლების გაგრძელებაზე, კედლები ამოუყვანიათ და პატარა სათავსი მოუწყვიათ. ორივე კედლის შუაში თაღია, რომლითაც სათავსი ეკლესიის შესაბამის ნაწილებთან იყო დაკავშირებული.
ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა.
მთავარი ეკლესიის შიდა სივრცე მოკლეა. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე ნალისებრთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე, გეგმით სწორკუთხა, შემაღლებული პროპორციების, ორი თაღოვანი ნიშაა სიმეტრიულად განლაგებული.
შესასვლელი სამია: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი, გარედან, მოზრდილი ქვით, თარაზულადაა გადახურული. შიგნიდან კი ნალისებრი თაღით.
საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცე კიდევ ორი სარკმლით ნათდებოდა. ორივე სამხრეთ კედელში იყო გაჭრილი. მათგან მხოლოდ აღმოსავლეთით მდებარე სარკმელია შემორჩენილი. ნაშთებიდან ჩანს, რომ იგი შიგნიდან თაღით იყო დასრულებული, გარედან კი თარაზული თავი აქვს, მეორე დასავლეთით მდებარე სარკმლიდან მხოლოდ კვალი იკითხება. აფსიდი გადახურული იყო კონქით, რომლის თაღი აფსიდის მხრების დამაგვიარგვინებელ, თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობოდა. სამარიდან მხოლოდ ჩრდილოეთ ქუსლის წყობის მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ნაშთებიდან ჩანს, რომ კამარა დაყრდნობილი იყო სამ საბჯენ თაღზე. მათგან ერთი აფსიდთანაა, მეორე დასავლეთ კედელთან, მესამე კი - დარბაზის შუაში. სამივე თაღიდან ქუსლის წყობის თითო-ოროლა ქვაღაა შემორჩენილი, რომლებიც თაროსებრ იმპოსტებზე არის დაყრდნობილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიები ერთიანია. მათ შორის სამხრეთისა აფსიდითაა დასრულებული, ჩრდილოეთ ეკლესია კი - სწორი კედლით. ორივე სადგომი გადახურული იყო კამარით, რომლის ნაშთი მთავარი ეკლესიის კედლებზეა დარჩენილი.
შენობის ფასადებიდან არქიტექტურულად მხოლოდ მთავარი ეკლესიის ფასადები იყო დამუშვებული. მორთულობის ელემენტია კედლის სიბრტყეში მცირედ შეღრმავებული, ბრტყელი თაღი. როგორც ეს შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, თაღებით მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები იყო დანაწევრებული. თაღები ერთ დონეზე არის განლაგებული. აღმოსავლეთ ფასადზე ორი ასეთი თაღია. ისინი გვერდითი ეკლესიების სახურავის ოდნავ ზემოთ, ფასადის გვერდის ნაწილებშია განლაგებულია. სამხრეთ ფასადზე, როგორც ეს თაღების განლაგების სისტემიდან ირკვევა, სამი თაღი უნდა ყოფილიყო გამოყვანილი. მათგან აღმოსავლეთიდან მეორე თაღის ღერძზე, სარკმლის ღიობია მოთავსებული.
მთავარი ეკლესია ჩვეულებისამებრ, ორფერდა სახურავით იყო გადახურული. გვერდითი ეკლესიები კი - ცალფერდათი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 171-173.