ოზაანის წმინდა სტეფანეს ეკლესია
ოზაანის წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ოზაანის ჩრდილოეთ ნაწილში, ოზაშვილების უბანში. შედგება სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან - თავდაპირველად აქ მდგარი XVIII საუკუნის მცირე, დარბაზული ეკლესიისგან (8x5,5 მეტრზე) და მოგვიანებით (როგორც ჩანს XIX საუკუნის II ნახევარში), მასზე დასავლეთიდან მიდგმული, რამდენადმე განიერი და მაღალი მინაშენისგან (სიგრძე- 5,9 მეტრი, სიგანე - 7,1 მეტრი).
ეკლესია ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები. არქიტექტურული ელემენტები და კონსტრაქტული ნაწილები გამოყვანილია კვადრატული აგურით. მოგვიანებით მიშენებული ნაწილიც რიყის ქვისა და აგურისაა, ოღონდ წყობის ხასიათით თავდაპირველი ნაწილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მისი გარეთა კედლები რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალით, აგურის ორი რიგით გამოყვანილი თარაზული ზოლებია ჩართული. კუთხეები, კარ-სარკმლები, შიგნითა კედლები და კამარა, მთლიანად აგურისაა. დასავლეთ ნაწილის მიშენების დროს ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შეულესავთ, კედლები შეუთეთრებიათ, კამარა კი ცისფრად შეუღებავთ.
ეკლესიის ორი ფართო, მაღალი, თაღოვანი შესასვლელი აქვს. ორივე მიშენებულ ნაწილშია — სამხრეთით და დასავლეთით.
თავდაპირველ ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ერთი თაღოვანი სარკმელი (გადაკეთებულია მინაშენების მშენებლობისას) და ხუთი მცირე ნიშაა მოწყობილი: სამი - სარკმლის ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. მათგან ჩრდილოეთით მდებარე ნიშებიდან ორი, ოდნავ მოზრდილია, შეისრული, ხოლო ერთი - სწორკუთხა. სამხრეთით მდებარე ნიშებიდანაც მოზრდილი შეისრულთაღვანია, მცირე კი — სწორკუთხა.
ეკლესიის თავდაპირველი ნაწილის გრძივ კედლებზე ორი წყვილი, მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრული ფორმისაა კამარაც. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით საკურთხევლის სივრცეა გამოყოფილი.
გრძივ კედლებზე (შუა პილასტრის გვერდებზე), იატაკიდან 0.5 მეტრის სიმაღლეზე, შეისრული ნიშებია მოწყობილი. მათ შორის ჩრდილოეთით ორივე ნიშაში მოწყობილია ორ-ორი სათოფური.
მიშენებული ნაწილის შიდა სივრცე, თავდაპირველი ეკლესიის სივრცესთან შედარებით, რამდენადმე მაღალია და შეისრული კამარითაა გადახურული. კამარა შუა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღებს ეყრდნობა.
მინაშენის კედლებში სამი ფართო, მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებშიც ხის სწორკუთხა ალათებია ჩასმული. მათ შორის ერთი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო ორი (ამოშენებულია) - ჩრდილოეთით. გარდა ამისა, ერთი გაცილებით მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელსშია, შესასვლელის ასწვრივ. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთისაა მორთული - ფრონტონის სიბრტყეში გამოსახული შეღრმავებული ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 310-311.