ოდოარდო ფარნეზე (პარმის ჰერცოგი)

ოდოარდო ფარნეზე (იტალ. Odoardo Farnese; დ. 28 აპრილი, 1612, პარმა, იტალია — გ. 11 სექტემბერი, 1646, პიაჩენცა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1622-1646 წლებში. ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მარგერიტა ალდობრანდინის ვაჟი. რანუჩო II-ის მამა.

ოდოარდო ფარნეზე
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 5 მარტი, 1622
მმართ. დასასრული: 11 სექტემბერი, 1646
წინამორბედი: რანუჩო I
მემკვიდრე: რანუჩო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აპრილი, 1612
გარდ. თარიღი: 11 სექტემბერი, 1646, (34 წლის)
მეუღლე: მარგერიტა მედიჩი
შვილები: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო I, პარმის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა ალდობრანდინი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოდოარდო დაიბადა 1612 წლის 28 აპრილს პარმაში. იგი იყო ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგერიტა ალდობრანდინის უფროსი ვაჟი. მაშინ, როდესაც იგი ათი წლის იყო, 1622 წელს რანუჩო I გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ოდოარდომ დაიკავა. თავიდან მას რეგენტად ბიძამისი, ოდოარდო ფარნეზე დაენიშნა, თუმცა იგი 1626 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ახალი რეგენტი დედამისი, მარგერიტა ალდობრანდინი გახდა.

1628 წლიდან ოდოარდო სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო მართვა. იმავე წელს იგი ტოსკანის დიდი ჰერცოგის ასულ მარგერიტაზე დაქორწინდა. მის მთავარ მიზანს მამის დროს გადამტერებული მეზობლების შემორიგება წარმოადგენდა. 1633 წლიდან ოდოარდომ ალიანსი გააფორმა საფრანგეთთან ესპანეთის წინააღმდეგ. ეს მან პარმაზე ესპანელების გავლენის შესამცირებლად გააკეთა, რომელთაც მთელ ჩრდილო იტალიაში გაბატონება სურდათ. საპასუხოდ ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ იტალიაში გააგზავნა ჯარები და მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის სარდლობით ესპანელებმა პიაჩენცის ოკუპაცია მოახდინა, რა დროსაც ოდოარდოს ფრანგები არ დაეხმარნენ. საფრანგეთიდან დახმარების ვერ მიღების გამო ოდოარდო ისევ ესპანეთს მიემხრო და 1637 წელს, რომის პაპ ურბან VIII-ის ჩარევით მათ შორის მშვიდობა დამყარდა და პიაჩენცა ისევ ფარნეზეებს დაუბრუნდა.

მიუხედავად პაპის დახმარებისა, ოდოარდომ მშვიდობის დამყარებისთანავე მოახდინა ბარბერინების საგვარეულოს (ამ გვარის წარმომადგენელი იყო პაპი ურბანი) მფლობელობაში მყოფი მამულები დაიკავა, რის პასუხადაც ურბან VIII-მ 1641 წელს იგი ეკლესიიდან განკვეთა. ამ ამბიდან მალევე ტოსკანის, ვენეციისა და მოდენის მხარდაჭერით იგი 7,000 ჯარისკაცით შეიჭრა ლაციოში. პაპმა მისი ჯარები მიწასთან გაასწორა, რასაც 1644 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა. მან აღიარა პაპის ძალაუფლება, პაპმა კი იგი აღადგინა ეკლესიაში.

ოდოარდო ფარნეზე გარდაიცვალა 1646 წლის 11 სექტემბერს პიაჩენცაში, 34 წლის ასაკში, თავისი საყვარლის რეზიდენციაში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, რანუჩო II-მ დაიკავა.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1628 წლის 11 ოქტომბერს ოდოარდომ ცოლად შეირთო მარგერიტა მედიჩი (1612-1679), ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო II-ისა და ერცჰერცოგინია მარია მაგდალინა ავსტრიელის ასული, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. რანუჩო II (1630-1694), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი, დაქვრივების გამო მეორედ დაქორწინდა იზაბელა დ'ესტეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად მისივე და, მარია დ'ესტე შეირთო;
  2. ალესანდრო (1635-1689), ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1678-1682 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ორაციო (1636-1656), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. კატერინა (1637-1684), მონაზონი;
  5. პიეტრო (1639-1677), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Williams, George L. (2004). Papal Genealogy: The Families and Descendants of the Pope. McFarland. p. 106. ISBN 0-7864-2071-5.