ნურაგი, ნურაგე (იტალ. nuraghi, მხ. რ. nuraghe) — ძველი ქვის კოშკები კუნძულ სარდინიაზე. აქვთ წაკვეთილი კონუსის ფორმა, სქელი კედლები, ხშირად 2 და მეტი სართული, 20 მეტრამდე სიმაღლე. ჰქონდათ დაბალი კარი, შიდა კიბეები, ზედა ბაქანი. სხვადასხვა შეფასებით, ცნობილია 7–8 ათასი ნურაგი და მათი ნანგრევი; საერთო რაოდენობა სავარაუდოდ აღწევდა 20–30 ათასს. არსებობს რამდენიმე ნურაგისაგან შემდგარი კომპლექსები, მ.შ. ბასტიონებითა და კედლებით გამაგრებული; მათ სიახლოვეს ხშირად ფიქსირდება გეგმით მრგვალი დიდი ნაგებობების ქვის საძირკვლები. სპეციალისტების აზრით, ნურაგები გამოიყენებოდა დასახლების ელიტის საცხოვრებლად, თავდაცვისთვის და სხვ.[1]

სანტა-საბინას ნურაგი
ლოზას ნურაგი
სუ-ნურაქსი-დი-ბარუმინი

ნურაგების გაჩენა მოხდა სუბ-ბონანაროს პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. 1800/1700–1500 წწ.), გამოითქვა ვარაუდები მათ კავშირზე უფრო ადრეული ხანის მეგალითურ კულტურებთან (ე.წ. პროტონურაგები). ნურაგების უმეტესობის აგებასა და გამოყენებას მიაკუთვნებენ გვიან ბრინჯაოს და ადრეულ რკინის ხანებს. სარდინიის ისტორიაში ამ ეპოქას ეწოდა „ნურაგების პერიოდი“ ან „ნურაგების კულტურა“. ამ კულტურასთან აკავშირებენ მეტალურგიის განვითარებას, რაც, სავარაუდოდ, საზოგადოებისა და მისი ელიტის აყვავების ერთ-ერთი წყარო იყო. ამაზე მიუთითებს სალღობი ღუმლების ნაშთები, მეგალითური „გიგანტების სამარხები“, ბრინჯაოს იარაღების (საყოფაცხოვრებო და საბრძოლო) განძები და სხვ. განსაკუთრებით ცნობილი გახდა ბრინჯაოს ქანდაკებები (brozetto), რომლებიც გამოსახავდა ძირითადად კაცებს, ხშირად აღკაზმულობით, მ.შ. იარაღით, ჩაფხუტით, ანტენისებრი „რქებით“, მრგვალი ფარებით და სხვ.; არის ცხოველების, გემების და სხვათა გამოსახულებებიც.[1]

ნურაგების კულტურის წარმომავლობა დიდწილად ბუნდოვანია. ზოგიერთი მკვლევარი ნურაგების კულტურის რიგი ნიშნების ანალოგიებს ხედავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომლებთანაც აკავშირებენ მის გაჩენას კუნძულ სარდინიაზე. სხვები მხარს უჭერენ აზრს ნურაგების ადგილობრივი ფესვების შესახებ. ნურაგების კულტურის გაქრობა განაპირობა ძვ. წ. 238/237 წელს კუნძულის რომთან შეერთების შემდეგ მისმა რომანიზაციამ. ნურაგთან ახლოს მდგომ ნაგებობებს კორსიკაზე ეწოდება „ტორე“, მათი შემქმნელების კულტურა ახლოსაა ნურაგების კულტურასთან. არქეოლოგიური კომლექსი სუ-ნურაქსი-დი-ბარუმინი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Корякова Л. Н. Нураги // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 394–395.