ნულის სამაროვანიბრინჯაოს ხანის (ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანის) სამაროვანი მდინარე ფრონის მარჯვენა ნაპირას (ადგილ ლაშეებში, სოფელ ნულთან, თიღვის მუნიციპალიტეტში). გათხრები ჩატარდა 1931 წელს (ე. ფჩელინა, ა. სმირნოვი), 1949 (ბორის კუფტინი), 1954 (ო. ჯაფარიძე). სამარხები კოლექტიური იყო. ქვებით ამოყვანილ კედლებიან ორმოებში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ესვენენ ხელფეხმოკიცელი მიცვალებულები. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ერთ ქვაყრილიან ორმოსამარხში აღმოჩნდა ერთი ჩონჩხი, შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი, ე. წ. მტკვარ-არაქსის ტიპის თხიხის ჭურჭელი. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVI-XV სს.) კოლექტიურ სამარხებში გამოვლინდა მრავალნაირი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი, სამკაული, ობსიდიანის ისრისპირები, ქვის ლახტისთავები, თრიალეთის ტომთა ბელადების გორასამარხებისაგან განსხვავებით, ნულის სამაროვანზე საოჯახო სამარხები საგვარეულო სასაფლაოზეა განლაგებული. მათ საზოგადოების რიგით წევრთა სამარხებად თვლიან. აღმოჩენილი მასალა გამოხატავს შიდა ქართლის კულტურის მჭიდრო კავშირს თრიალეთის კულტურასთან. ნულის სამაროვნის ტერიტორიაზე დადგენილია შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კულტურის ფენებიც. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 486.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 5-7
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 103-104.
  • Куфтин Б. А., Археологическая маршрутная экспедиция, 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949;