ნინო ჯორჯაძე
ნინო ზაქარიას ასული ჯორჯაძე (დ. 15 დეკემბერი, 1884, თბილისი, — გ. 1968, იქვე, დაკრძალულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუეს საგვარეულო სასაფლაოზე) — ქართველი მოწყალების და პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) წლებში, მოყვარული ფოტოგრაფი.
დაიბადა ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. ჰყავდა ძმები — ალექსანდრე და გიორგი. დაამთავრა თბილისის იმპერატორ ნიკოლოზ I–ის სახელობის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი (1902). 1902-1908 წლებში სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ პანსიონში, ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით. 1910 წელს ბათუმი-მარსელის რეისით ზღვით გაემგზავრა საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად (მოგზაურობა აღწერა დღიურებში). 1910-იან წლებში თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გაიარა წითელი ჯვრის მოწყალების დის კურსები. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს, როგორც მოწყალების და, მოხალისედ წავიდა კავკასიის ფრონტზე. მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში. ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV (1915) და III (1916) ხარისხის მედლებით. ომის წლებში ძმის, პორუჩიკ გიორგი ჯორჯაძის „კოდაკის“ წარმოების ფოტოაპარატით შექმნა სურათების სერია, რომელიც ასახავს საბრძოლო მოქმედებებსა და ფრონტისპირა გარემოს. წერდა დღიურსაც („სულის დღიური“). საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა. ნინო ჯორჯაძე უმეტესად ცხოვრობდა კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნინო ჯორჯაძე : ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი / ავტ. თამარ ლორთქიფანიძე ; რედ. ირინე ჭოღოშვილი ; დღიური რუს. თარგმნა აკა მორჩილაძემ ; ინგლ. თარგმანი თამარ მამულაშვილი. - თბილისი, 2015. - ISBN 9789941076275.