ნინო ბესარიონის ასული ხუბულავა (დ. 29 ოქტომბერი, 1917, სოფელი ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 მაისი, 1935, თბილისი) — ერთ-ერთი პირველი ქართველი მფრინავი ქალი. საკ. ალკკ. წევრი 1931 წლიდან. ნინო ხუბულავა დაიბადა 1917 წლის 29 ოქტომბერს ხელმოკლე ოჯახში. ოჯახის მეოთხე შვილი იყო. მშობლები მაშინ გარდაეცვალა როდესაც 4 წლისა იყო.[1] სწავლობდა თბილისის კამოს სახელობის საფაბრიკო-საქარხნო სკოლაში 1930–32 წლებში, შემდგომ იქვე დაიწყო მუშაობა. 1932 წელს ჩაირიცხა პატაისკის მფრინავთა კურსებზე. 1934 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბთან შექმნილი საფრენოსნო სკოლა. მფრინავი 1935 წელს გახდა.[1] იგი საავიაციო საქმის პროპაგანდის მიზნით მამაკაც მფრინავ ჯგუფთან ერთად აწყობდა გადაფრენებს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტით“ პროპაგანდას უწევდა საფრენოსნო საქმეს, რის შედეგად გაზეთის მკითხველთა შემოწირულებით ააგეს თვითმფრინავები „ზესტაფონი“, „სამრეწველო კოოპერაცია“, „რაბისი“. 1980 წელს ქალაქ ცხაკაიაში, მე-7 საშუალო სკოლის ეზოში, დაიდგა ხუბულავას ბიუსტი, რომლის ავტორები იყვნენ: რ. რუხაძე, გ. დრონოვი და დ. თევდორაძე,[2] ხოლო ინიციატორი იზოლდა ჩიკვაიძე.[1] ნინო ხუბულავა გარდაიცვალა 1935 წლის 27 მაისს, 17 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზის ოფიციალური ცნობა არარსებობს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.[1]

ნინო ხუბულავა
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1917
ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 1935 (17 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მფრინავი
ცნობილია როგორც ერთ-ერთი პირველი ქართველი მფრინავი ქალი
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 პირველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან
  2. ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 512.