ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები
ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულება — ხელშეკრულებები, რომლითაც დასრულდა ომი საფრანგეთის მომხრე სახელმწიფოების კოალიციასა და ანტიფრანგულ კოალიციას შორის. ხელომწერილი იყო ნიმვეგენში (ახლანდ. ნიდერლანდები) 1678-1679 წლებში.
საფრანგეთ-ჰოლანდიის ხელშეკრულებით (1678 წ. 10 აგვისტო) საფრანგეთი ტოვებდა ომის დროს დაკავებულ ჰოლანდიის ტერიტორიას ქ. მაასტრიხტით და აუქმებდა 1667 წელს შემოღებულ მაღალ საბაჟო ტარიფს. ჰოლანდია ცნობდა საფრანგეთის კოლონიურ უფლებებს გვიანასა და სენეგალში.
საფრანგეთ-ესპანეთის ხელშეკრულებით (1678 წ. 17 სექტემბერი) ესპანეთი უთმობდა საფრანგეთს ფრანშკონტეს და მთელ რიგ ტერიტორიებს ესპანეთის ნიდერლანდებში, ხოლო საფრანგთი უბრუნებდა ესპანეთს სამხრეთ ნიდერლანდების მიწების ნაწილს, ლიმბურგის საჰერცოგოს და პუჩსერდუს (კატალონიაში).
1679 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულება ამტკიცებდა ვესტფალიის ზავის (1648 წ.) პირობებს. ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები იყო საფრანგეთის დიდი პოლიტიკური წარმატება, მან განამტკიცა საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 437.