ნიკოლოზ ფალავანდიშვილი
ნიკოლოზ (ნიკო) იოსების ძე ფალავანდიშვილი (დ. 1790 — გ. 1855) — ქართველი თავადი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე, ბიბლიოფილი და ხელნაწერთა შემგროვებელი.
რუსეთის ადმინისტრაციის სამსახურში იყო დაახლ. 1804 წლიდან. 1812 წელს კურიერად გაიგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რათა ლენქორანის აღების ამბავი ეხარებინა. ფალავანდიშვილი ალექსანდრეს უკვე ევროპაში შეხვდა, ნაპოლეონის წინააღდმდეგ ლაშქრობის დროს, შეუერთდა არმიას და მოკავშირეთა ჯარებთან ერთად 1814 წელს პარიზში შევიდა. კავკასიის თავისებურებებისა და რუსული ენის კარგი ცოდნის გამო ნდობით სარგებლობდა რუსეთის მეფისნაცვალთა კარზე. 1832—1837 წლებში ფალავანდიშვილი იყო თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი. 1832 წელს ძმამ, იესე ფალავანდიშვილმა სცადა ნიკოლოზი ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში ჩაება, თუმცა ნიკოლოზისვე ზეგავლენით მან შეთქმულები გათქვა. 1853 წელს იყო მეფისნაცვლის მთავარსამმართველოს საბჭოს წევრი. ლუკა ისარლოვის მიერ ჩაწერილი ფალავანდიშვილის მოგონებები 1900 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“.
ნიკო ფალავანდიშვილს ცოლად ჰყავდა (1834 წლიდან) მარიამ ლუარსაბის ასული ორბელიანი (დ. 1817 — გ. 1851). მათი ქალიშვილი მაკრინე დაქორწინდა თავად ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანზე.