ნიკოლოზ იაშვილი (ბიოლოგი)

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე იაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936 — გ. 29 ივნისი, 2005) — ქართველი ბიოლოგი და ნიადაგმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1999), საქართველოს ეროვნული (2000) და ეკოლოგიურ მეცნიერებათა (2000) აკადემიების ნამდვილი წევრი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნიკოლოზ იაშვილი
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1936(1936-07-13)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 29 ივნისი, 2005(2005-06-29) (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ იაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს, ხოლო 1975 წელს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1959–91 წლებში იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე, 1976–91 წლებში მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში.[1]

1991 წელს — საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991–96 წლებში — კონცერნ „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, 1996–2002 წლებში — საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, 2002-2005 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყოფილების გამგე.[1]

ნიკოლოზ იაშვილის მეცნიერული კვლე­ვა-ძიების თემატიკა მოიცავს ძირითადად ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებს. შეისწავლა სვანეთის ნიადაგები, მუ­შა­ობ­და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის, საქართველოს მიწების რესურსების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე. იყო საერთაშორისო ნიადაგმცოდნეობის საზოგადოების წევრი, სა­ქართველოს ნიადაგ­მცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[2]

ნიკოლოზ იაშვილი ავტორია მრავა­ლი სამეცნიერო ნა­შრო­მისა და 4 მონოგრაფიის.[2]

მიღებული აქვს თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (1983). 2002 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ღირსების ორდენისა (2001) და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1986).[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტექნოგენური ლანდშაფტების რეკულტივაცია. თბილისი, ცოდნა, 2004;
  • სვანეთის ნიადაგები. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987;
  • მიწის რესურსები და მათი რაციონალური გამოყენება. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976.
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. თბ., 2012.
  2. 2.0 2.1 საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. თბ., 2018.