ნიკანდრ ჩესნოკოვი

საბჭოთა და რუსი პოეტი

ნიკანდრ ჩესნოკოვი (რუს. Никандр Васильевич Чесноков; დ. 1843, სტაროჩერკასკაია, რუსეთის იმპერია1928) — საბჭოთა და რუსი პოეტი.

ნიკანდრ ჩესნოკოვი
სრული სახელი ნიკანდრ ვასილის ძე ჩესნოკოვი
დაბადების თარიღი 1843
დაბადების ადგილი სტაროჩერკასკაია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1928
საქმიანობა პოეტი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, სსრკ
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკანდრ ჩესნოკოვი 1843 წელს სტანიცა სტაროჩერკასკაია დაიბადა, კაზაკების ოჯახში. მამამისი, დონელი კაზაკი ვაჭარი იყო, რომელსაც საკუთარი ბარკა ჰყავდა. დონის სათავეში ყიდულობდა პურს და შემდეგ მას როსტოვსა და ტაგანროგში უცხოელებზე ჰყიდდა. ნიკანდრი ათი წლიდან ეხმარებოდა მამას მის საქმეებში. შემდეგ ის ქალაქ სტავროპოლში, ვაჭართან მოურავად მოეწყო. ამ პერიოდში ბიჭი ბევრს კითხულობდა, თვითგანათლებით იყო დაკავებული.

მოგვიანებით ჩესნოკოვი მოხეტიალე ფოტოგრაფად მუშაობდა, ქმნიდა ოლქის მცხოვრებთა პორტრეტებს, ხატავდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს. ქორწინების შემდეგ, ის სტანიცა კონსტანტინოვსკში გადავიდა საცხოვრებლად. 1887 წელს მან სტანიცაში ჩამოაყალიბა „სოფლის მეურნეობის მანქანების და იარაღების გამანაწილებელი ამხანაგობა“. იმის გამო, რომ ვაჭრობა არ გამოვიდა, ის კვლავ სტანიცა სტაროჩერკასკაიაში დაბრუნდა, ხოლო ნერვული შერყევის გამო სმენა დაკარგა. ნიკანდრ ჩესნოკოვი რუსეთში მომხდარ ოქტომბრის რევოლუციას მიესალმა, თუმცა სამოქალაქო ომი არ მოსწონდა, რადგან ომის პერიოდში დაიღუპა მისი შვილი მიხეილი.

ნიკანდრ ჩესნოკოვს ლიტერატურული საქმიანობა იზიდავდა. ის ისტორიკოს და ლიტერატორ ევგრაფი საველიევთან ერთად მონაწილეობდა 1909—1910 წლებში ნოვოჩერკასკში „დონის ლიტერატურული კრებულების“ გამოცემაში. კრებულში მან თავისი რამდენიმე ლექსი და პოემა „ივან ჩიგა“ გამოაქვეყნა. პოემისათვის სასამართლო პალატამ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის მიზეზი ის იყო, რომ ავტორი პოემაში მეფესა და თვითმპყრობელობას „კაზაკების დაუძინებელ მტერს“ უწოდებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казасья доля — Дон, степь да воля. Ростовн/Д, 2014. с. 303, 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება