ნერსე „კრიკ“ კრიკორიანი (ინგლ. Nerses Krikorian) (დ. 23 იანვარი, 1921 — გ. 18 აპრილი, 2018) — სომეხი-ამერიკელი ქიმიკოსი და დაზვერვის ოფიცერი ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში.[1] სომეხთა გენოციდის დროს გადარჩენილი, გაემგზავრა აშშ-ში 4 წლის ასაკში, სადაც სწავლობდა ნიაგარას უნივერსიტეტში. ჩართული იყო მანჰეტენის პროექტში და მისი გარდაცვალების დროისთვის იყო პროექტში ჩართული ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი მეცნიერი.[2]

ნერსე კრიკორიანი

დაიბადა23 იანვარი, 1921
ჰარპუტი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა18 აპრილი, 2018 (97 წლის)
ლოს-ალამოსი, აშშ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა ქიმიკოსი

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ნერსეს კრიკორიანი დაიბადა ჰარპუტში, ოსმალეთის იმპერიაში 1921 წლის იანვარში, სომეხი მშობლების ჰაჩიგ და ლუსი კრიკორიანების ოჯახში,[3] რომლებიც დაქორწინდნენ 1919 წელს.[4] ოჯახი გადაურჩა სომხების გენოციდს.[1][5][3] მას ჰყავდა ორი ძმა (არტური და მაიკი), ერთი დაიბადა ალეპოში, სირიაში და უმცროსი აშშ-ში,[3][5] კრიკორიანს ასევე ჰყავდა და სახელად, დოროთი კრიკორიანი.[2] ოჯახი სომეხთა გენოციდიდან ჯერ გაიქცა საბერძნეთში, შემდეგ საფრანგეთში, კანადაში და, საბოლოოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში.[4] 1925 წელს ოჯახი დასახლდა ნიაგარას ჩანჩქერთან, ნიუ-იორკში,[1][3] სადაც მისი მამა მუშაობდა ქარხანაში, ხოლო დედა დიასახლისი იყო.[5] მისი მშობლები ლაპარაკობდნენ სომხურ, თურქულ და ქურთულ ენაზე, მაგრამ სრულყოფილად არ ფლობდნენ ინგლისურს. გაიზარდა ნიაგარას ჩანჩქერში და თავდაპირველად მხოლოდ მშობლების დაჟინებული თხოვნით ლაპარაკობდა სომხურად. მან ასევე ისწავლა სომხეთის ისტორია და იცოდა მისი სომხური მემკვიდრეობა.[3][5]

კრიკორიანი 1939–1943 წლებში სწავლობდა ქიმიას ნიაგარას უნივერსიტეტში, კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა.

1943 წელს კრიკორიანმა დაიწყო მუშაობა ელექტრომეტალურგიულ ლაბორატორიაში ნიაგარას ჩანჩქერში. ლაბორატორიაში მუშაობდა რადიაციულ ქიმიკოსად, რომელიც ამზადებდა მაღალ გამდიდრებულ ურანს მანჰეტენის პროექტისთვის.[4][2][6][5]

1946 წლის აგვისტოში ის გადავიდა ლოს-ალამოსში, ნიუ-მექსიკოში და შეუერთდა ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიას. მან დაიწყო მუშაობა მიკროგრამებით მაღალრადიოაქტიური პოლონიუმით „პოლონიუმ-ბერილიუმის ინიციატორების მოსამზადებლად“. 1950-იანი წლების შუა ხანებში მან დაიწყო მუშაობა Project Rover-ზე, ერთობლივ პროექტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ატომური ენერგიის კომისია და NASA.

1972 წელს, როდესაც Project Rover გაუქმდა კრიკორიანი შეუერთდა ახალ სადაზვერვო განყოფილებას ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, ლაბორატორიის დირექტორის ჰაროლდ აგნიუს მოწვევით. ის გახდა დანაყოფის ექვსი თავდაპირველი წევრიდან ერთ-ერთი და მისი უსაფრთხოების ოფიცერი. ის საბჭოთა კავშირის ბირთვული კვლევის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. მას სასარგებლოდ თვლიდნენ, რადგან ლაპარაკობდა სომხურად და იცოდა რუსული. მოგვიანებით გახდა საერთაშორისო ტექნოლოგიების განყოფილების კრიტიკული ტექნოლოგიების ჯგუფის ლიდერი. მან მოინახულა 15-მდე რუსული ლაბორატორია, მათ შორის იარაღის დიზაინის ლაბორატორიები.

კრიკორიანმა 1991 წელს შეწყვიტა ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში მუშაობა.

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

კრიკორიანმა ლოს-ალამოსში გაიცნო მომავალი მეუღლე კეტრინ „პეტ“ პატერსონი. ის იყო ქალთა არმიის კორპუსის წევრი და მუშაობდა მდივნად მანჰეტენის პროექტის დროს. ისინი დაქორწინდნენ 1948 წლის მარტში და 1951 წელს შეეძინათ შვილი, დებრა კრიკორიანი, რომელიც მოგვიანებით გახდა არმიის ვიცე-პოლკოვნიკი.[5]

კრიკორიანი იყო ლოს-ალამოსის გაერთიანებული ეკლესიის დამფუძნებელი წევრი. მან თარგმნა სომხური პოეზია და შეეძლო ომარ ხაიამის რუბაიატის წაკითხვა.

გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ლოს-ალამოსში, 2018 წლის 18 აპრილს და დაკრძალეს მეუღლის გვერდით სანტა ფეს ეროვნულ სასაფლაოზე .

აღიარება

რედაქტირება

1985 წელს დასახელდა ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელად. მან მიიღო ლოს-ალამოსის მედალი, ლაბორატორიის უმაღლესი მედალი (2003) და დაზვერვის საზოგადოების მედალიონი CIA-ს მიერ. მიენიჭა ორი საპატიო დოქტორის წოდება ნიაგარას უნივერსიტეტის (2005) და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისაგან (2005). [7]

ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორმა ტერი უოლასმა კრიკორიანს უწოდა ეროვნული უსაფრთხოების მეცნიერების გიგანტი. „მან უდიდესი წვლილი შეიტანა ლაბორატორიის მისიაში [...] მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ჩვენს ისტორიაზე იმაზე მეტი გავლენა, ვიდრე კრიკს. ის ტოვებს მემკვიდრეობას, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც“ - თქვა უოლესმა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Nerses "Krik" Krikorian. Atomic Heritage Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 Nerses H. "Krik" Krikorian. legacy.com (via DeVargas Funeral Home) (April 24, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Krik Krikorian's Interview. National Museum of Nuclear Science & History (via Atomic Heritage Foundation) (October 12, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  4. 4.0 4.1 4.2 Nerses (Krik) Krikorian in conversation with Sig Hecker. US-Russian Lab-to-Lab Collaboration Story. Stanford University (February 1, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Los Alamos Medal Winner Krik Krikorian. Los Alamos National Laboratory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  6. Two Named to Niagara Legacy — Alumni of Distinction. Niagara University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  7. Nerses H. Krikorian. National Academy of Sciences of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.
  8. Legendary scientist at lab that developed atomic bomb dies. phys.org (April 21, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2019.