ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნემესისი (ძვ. ბერძნ. Νέμεσις) — ბედის განმასახიერებელი ღვთაება. ნიქსის ასული. ერთ-ერთი უძველესი და აღმატებულად პატივდებული ქალღმერთი ძველ საბერძნეთში.

თავდაპირველად „ნემესისი“ ბედის იდეიდან გამომდინარე მორალურ-ეთიკური გაგების შემცველი მცნება იყო. მოგვიანებით იგი დადგენილი ჰარმონიულობის დამრღვევთა დამსჯელ ქალღმერთად წარმოსახა ბერძენთა ცნობიერებამ. ნემესისისგან ისჯებოდა გარდამეტებული ბედნიერება, ზღვარს გადასული სიამაყე, ამპარტავნობა და ა.შ. ბოლოს ნემესისი შურისგების ღვთაებად იქცა.

ერთ-ერთი მითის თანახმად, ნემესისი დაინახა ზევსმა და მისი დამორჩილება მოიწადინა. უზენაესი ღმერთის მზერას რომ განრიდებოდა, ნემესისმა სხვადასხვა ცხოველად თუ ფრინველად იწყო გარდასახვა. ზევსმა გედის სახე მიიღო და ბატად ქცეულ ნემესისს შეერთო. მოგვიანებით ქალღმერთმა კვერცხი დადო და ლედას შეუგორა კალთაში. ამ კვერცხიდან კი მშვენიერი ელენე გამოიჩეკა.

ნემესისის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული საბერძნეთში. მას თაყვანს სცემდნენ რომშიც, უპირატესად მებრძოლები და გლადიატორები. ნემესისს წარმოსახავდნენ ჩაფიქრებულ, ტანმაღალ ქალად ისეთი ატრიბუტებით, რომლებიც მეთვალყურეობაზე, სასჯელზე ან სისწრაფეზე მიანიშნებდნენ (სასწორი, აღვირი, მახვილი, ფრთები, ეტლი, რომელშიც ლომ-არწივები იყვნენ შებმულნი).

გადატანითი მნიშვნელობით ნემესისი ბედს ან შურისგებას აღნიშნავს. ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო დიურერის გრავიურებმა სახელწოდებით „ნემესისი“ ან „დიადი ბედნიერება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ნემესისი

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნემესისი“-დან