ნეიტროფილები — სისხლში არსებული გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები.

სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები, რომლებიც გარშემორტყმულია ერითროციტებით. ციტოპლაზმაში შეიმჩნევა ციტოპლაზმური აზუროფილური გრანულები. შეღებილია გიმზა-რომანოვსკის მეთოდით. გამოყენებულია სინათლის მიკროსკოპის აქრომატული იმერსიული ობიექტივი. 1000x

მორფოლოგია

რედაქტირება

ნეიტროფილური ლეიკოციტების ორ ფორმას განარჩევენ: ჩხირბირთვიანს და სეგმენტბირთვიანს. ახალგაზრდა ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების შემცველობა პერიფერიულ სისხლში 1-6%-ია, ხოლო მომწიფებული სეგმენტბირთვიანებისა - 47-72%. ჩხირბირთვიანი ნეიტროფილისთვის დამახასიათებელია ჩხირის ფორმის უწყვეტი ბირთვი, ხოლო სეგმენტბირთვიან ნეიტროფილებში ბირთვი სეგმენტებადაა დაყოფილი და ისინი ერთი წვრილი ფილამენტით ერთდება. ორივე ფორმის შემთხვევაში ბირთვი მუქი იისფერია, ხოლო ციტოპლაზმა — ვარდისფერი. ციტოზოლში აღინიშნება წვრილი, იისფერი მარცვლოვანება. 1 მიკროლიტრ სისხლში ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვია 40-300, ხოლო სეგმენტბირთვიანისა — 2000-5500.

სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა

რედაქტირება
 
სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილი. 3D მოდელი

ნეიტროფილების რაოდენობის მატებას ნეიტროფილოზი ეწოდება. ნეიტროფილოზი ანთებითი პროცესების, ინფექციური დაავადებების, შოკის, სისხლდენის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დიაბეტური კეტოაციდოზის სადიაგნოსტიკო ნიშანია. ამ პათოლოგიების მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება მოიმატოს ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების რაოდენობამ და გაჩნდეს უმწიფარი გრანულოციტები (მიელოციტები, მეტამიელოციტები), რასაც ექიმები ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. ნეიტროფილების მატება აღინიშნება ორსულებშიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჰისტოლოგია, რუსუდან რუხაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მეორე გამოცემა, 2009;
  • სისხლის და შარდის ანალიზის კლინიკური მნიშვნელობა (ანალიზების ინტერპრეტაცია), მაია ხუციშვილი, გამომცემლობა „მთაწმინდელი“, მეორე გამოცემა 2008.