ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეირულაციაქორდიანი ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახის განვითარების სტადია, როდესაც ნერვული ფირფიტა წარმოიქმნება და ნერვულ მილად იკვრება. ამ სტადიაზე ჩანასახს ნეირულა ეწოდება. ნეირულაციის პროცესში ჩანასახის ექტოდერმა ზურგის მხარეზე სქელდება და წარმოქმნის ნერვულ ფირფიტას, რომლის კიდეები ერთმანეთს უახლოვდება, ერთდება და ქმნის ნერვულ მილს. მილის ზევით დარჩენილი ექტოდერმის კიდეები ერთმანეთს ერწყმის და გარდაიქმნება მფარავ ეპითელიემად. სრული დანაწევრების მქონე ცხოველების ექტოდერმა იზრდება ზურგის მხარისაკენ და მთლიანად გარს ერტყმის გასტროცელს, რომელიც გარდაიქმნება ნაწლავის ღრუდ. კვერცხის არასრული დანაწევრების მქონე ცხოველებს ღრუ მუცლის მხარეზე ღიად რჩებათ და მის ქვედა კედელს წარმოადგენს დაუნაწევრებელი ყვითრი. შუა ჩანასახოვანი ფურცელი — მეზოდერმა — იყოფა ქორდის ჩანასახად, მის გვერდებზე მდებარე ზურგის სეგმენტებად (სომიტებად), სეგმენტების ფეხებად (ნეფროტომებად) და გვერდით ფირფიტებად. ნეირულაციის ბოლოს ჩანასახის აგებულების სქემა ისეთივეა, როგორც მოზრდილი ორგანიზმისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეირულაცია“-დან