ნახარელა ღვთისმშობლის ჯვარი
ნახარელა ღვთისმშობლის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთ-დასავლეთით. ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, საქვაბე, საზარე კოშკი და საჯარე. დარბაზი ფიქლის მშრალად ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. დარბაზის შუაში კერაა მოწყობილი. კედლების გაყოლებაზე ქვის სკამებია. დარბაზის ჩრდილოეთის ნაწილი ნაწილობრივ მიწაშია შეჭრილი. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. საქვაბე დარბაზიდან დასავლეთით 50-60 მეტრზეა. ფიქლის მშრალად ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. გადაკეთებულია. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, პატარა სათავსის გავლით აქვს, რომელიც ფიქლითაა გადახურული. საქვაბის სამხრეთ კედელში სარკმელია გაჭრილი, დასავლეთ კედელში ოთხი თახჩაა. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის კუთხეში საცეცხლეა მოწყობილი. ორფერდა გადახურვა ჩაქცეულია. საზარე მდებარეობს დარბაზის დასავლეთით. იგი მშრალად ნაშენი, ოთხკუთხა კოშკისმაგვარი მასიური ნაგებობაა, გადახურულია ხუთსაფეხურიანი ოთხფერდა სახურავით. მსგავსი ნაგებობა დგას დარბაზის უკან, ჩრდილოეთით, 10-15 მეტრზე. საქვაბის აღმოსავლეთით, სამიოდე მეტრზე, მდებარეობს წაკვეთილი პირამიდის ფორმის პატარა მასიური ნაგებობა, რომელსაც დასავლეთით თახჩა აქვს დატანებული. საჯარე მშრალად ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, მდებარეობს საქვაბის ჩრდილოეთით, 30-40 მეტრზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. გარედან, კარის გვერდით პატარა თახჩაა. სათავსში სამხრეთ კედლის გასწვრივ, ხის საკმაოდ განიერი საწოლია გამართული, ხოლო დასავლეთ კედელთან - ხის მორისგან გაკეთებული სკამი. ასეთივე სკამი ჩრდილოეთ კედლის გასწვრივაცაა. საჯარის დასავლეთ ნახევარში კერაა მოწყობილი. გადახურულია თუნუქის ცალფერდა სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 266.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 145, ISBN 978-99940-27-10-1.