ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში, საქართველოს სამხედრო გზის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის დეკორატიული განყოფილების ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი პირმოსწორებული ქვით. ამჟამად ნაგებობას სახურავი აღარა აქვს (გადახურული ყოფილა კრამიტით). შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთ კარი ამოშენებულია. ორივე კარი გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ ღრმა აფსიდში ოთხი ნიშია, სამი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი მარტივკაპიტელებიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზის კედლებს გასდევს რიყის ქვის დაბალი ჩამოსაჯდომი. ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო სარკმელი აქვს. სარკმლების ქვედა ნაწილი ძლიერ დამრეცი და საფეხურებიანია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკმლები თაღოვანია. დასავლეთის სარკმელი გარედან მრგვალია. ეკლესია შელესილი ყოფილა. სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე, შესასვლელების თავზე წრეშ ჩასმულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. XIX საუკუნეში ეკლესიისთვის აგურის ლავგარდანი შეუყოლებიათ და ფასადები შეულესიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება