ნაფარეულის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა

ნაფარეულის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა — ყოფილი ნაფარეულის მეურნეობა, რომელიც შეიქმნა 1921 წელს ერთ-ერთი საუფლისწულო მამულის ბაზაზე. ნაფარეულის, წინანდლის, მუკუზნის, ვაზისუბნის მამულები ასი წლის წინათ ეკუთვნოდა ა. ჭავჭავაძეს, რომელსაც მილიონი მანეთის ბანკის სესხი აუღია და მთლიანად ამ მამულების განვითარებისათვის მოუხმარებია. ნაფარეულის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ძირითადი მიმართულება იყო მევენახეობა. დამხმარე დარგები იყო მეხილეობა, მეცხოველეობა და მემინდვრეობა. ნაფარეულის მეურნეობა ნაფარეულის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობად გადაკეთდა 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1953 წელს მეურნეობას გადაეცა 120 ჰა ტერიტორია, დაიწყეს ვენახების გაშენება. 1957 წელს მეურნეობას შეუერთდა მ. ცხაკაიას სახელობის კოლმეურნეობა. ამის შემდეგ მისი ფართობი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების (198 ჰა) ჩათვლით 2220 ჰა-მდე გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სავარგულებს ეჭირა 1540 ჰა, აქედან ვაზის კულტურას – 1247 ჰა. მეურნეობას ჰქონდა ბაგა-ბაღი, საბავშვო ბაღი, კულტსახლი, რადიოკვანძი, ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა, სამკითხველო, აბანო, მუშათა სასადილო, საბინაო ფონდი.

ლიტერატურა

რედაქტირება