ნაოჭი, დანაოჭებაქანების სიბრტყითი შრეების გაღუნვა, რომელიც წარმოიქმნება ქერქული ქანების მოძრაობის შედეგად. ერთ სიბრტყეში გაღუნულ შრეს მონოკლინი ეწოდება, ხოლო შრეთა საფეხურისებრ გაღუნვას — ფლექსურა. ნაოჭის ორი ძირითადი სახე არსებობს — ანტიკლინი და სინკლინი. შრის ამონაზნექი წარმოქმნის ანტიკლინს, ხოლო ჩანაზნექი სინკლინს. ვეებერთელა ანტიკლინს ეწოდება ანტიკლინორიუმი, ხოლო ვეებერთელა სინკლინს სიკლინორიუმი, რომლებზედაც პატარა ნაოჭებია განვითარებული. კიდევ უფრო რთულ სტრუქტურებს მეგაანტიკლინორიუმი და მეგასინკლინორიუმი ეწოდება.[1]

ალპური ოროგენის შედეგად შექმნილი ნაოჭები
ნაოჭები ნიუ-მექსიკოში
ნაოჭები კრეტაზე

პროცესს, რომლის დროსაც გეოლოგიურ სხეულებში დეფორმაციის შედეგად შრეებრივი სტრუქტურების გადაღუნვა მიმდინარეობს დანაოჭება ეწოდება, ხოლო მის შედეგად წარმოქმნილ სტრუქტურებს — ნაოჭი. გადაყირავებულ ნაოჭში შრე გადაბრუნებულია და ნაოჭის ორივე ფრთა თითქმის ჰორიზონტალურია. სიმეტრიული ნაოჭის ღერძული სიბრტყე ვერტიკალურია, ხოლო ასიმეტრიული ნაოჭის ღერძული სიბრტყე დაქანებული. გადაბრუნებული ნაოჭის ორივე ფრთა დახრილია ერთი მიმართულებით, ხოლო ღერძული სიბრტყე ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნადაა დახრილი იმავე მიმართულებით. გადაყირავებულ ნაოჭს არსებითად გააჩნია ჰორიზონტალური ღერძული სიბრტყე. ერთმანეთისადმი პარალელური ფრთების მქონე ღერძული სიბრტყის ნაოჭი იზოკლინის სახელწოდებითაა ცნობილი, რომელიც ერთგვაროვანი ქანებისთვისაა დამახასიათებელი. კიდევ უფრო ძლიერი დანაოჭების შემთხვევაში მიიღება მარაოსებური ნაოჭი.[2][3]

მრავალი ნაოჭი მკაფიოდ ხაზობრივია; ესე იგი, მათი განფენილობა ღერძის პარალელურად ბევრად აღემატება მათ სიგანეს. თუმცა, ზოგიერთი ნაოჭი, არ არის ხაზობრივი და ცოტად თუ ბევრად გეგმაში მრგვალი ფორმისაა. გუმბათი ისეთი ნაოჭია, რომელიც ზევითაა ამოზნექილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შრე იძირება ცენტრალური ზონის მიღმა. ტექტონიკური ღრმული ზემოთკენ ჩაზნექილი მრგვალი ნაოჭია, ესე იგი, შრე შიგნითაა დაძირული ცენტრალური ზონის მიმართულებით.[2]

ნაოჭის რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი გამოიყოფა: ფრთები, რომლებიც შრეთა გაღუნვის შედეგად მიიღება; გული — ნაოჭის შიგა ნაწილი; თაღი ან ძირი — შრეთა გაღუნვის ადგილი, შარნირი — ცალკეული შრის მაქსიმალური გადაღუნვის ადგილი; ნაოჭის ღერძი — ნაოჭის ორად გამყოფი სიბრტყე ან მრუდე ზედაპირი; ღერძის ხაზი — ხაზი, რომელიც მიიღება ნაოჭის სიბრტყის გადაკვეთისას ჰორიზონტალურ სიბრტყესთან. ნაოჭების კლასიფიკაციისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ ფორმას განიკვეთში. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ნაოჭების დანაწილება ღერძული სიბრტყის მდებარეობის მიხედვით. გამოყოფენ ამართულ, დახრილ და გადაბრუნებულ ნაოჭებს. კუთხე, რომელიც იქმნება ნაოჭის ღერძსა და ფრთებს შორის, შეიძლება დანაოჭების სიძლიერის მაჩვენებლად გამოდგეს — რაც უფრო დიდია ეს კუთხე, მით უფრო სუსტია დანაოჭება და პირიქით.[1][4]

როგორც წესი, ნაოჭების თაღები ან ძირები მომრგვალებულია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი კუთხედოვანი ფორმისაა. როდესაც გვაქვს თითქმის შვეული ფრთების მონაცვლეობა ფართო და ბრტყელი ნაოჭის თაღებთან და ძირებთან, მიიღება ეგრეთ წოდებული კოლოფური ნაოჭი. პლასტიკურ ქანებში გავრცელებულია დიაპირისებური და დიაპირული ნაოჭები. ზოგჯერ ნაოჭის სიგრძე ბევრად აჭარბებს მის სიგანეს. ასეთ ნაოჭს ხაზობრივი ეწოდება. არსებობს ბრაქიმორფული ნაოჭები ანუ ბრაქინაოჭები, როცა ოვალური ნაოჭის სიგრძე სულ 2–3-ჯერ აღემატება სიგანეს. თაღისებური — ანტიკლინური ნაოჭი თითქმის თანაბარი სიგრძე-სიგანით და მულდა — სინკლინური ნაოჭი, აგრეთვე თანაბარი განზომილებებით. მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი გრძელი ხაზობრივი ნაოჭები მკუშავი ძალების შედეგად წარმოიქმნება. ბუნებაში ნაოჭი იშვიათად იქმნება ერთადერთი პროცესის შედეგად; იგი პროცესების კომბინაციის შედეგია.[2][5]

დღეისათვის გეოლოგების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ტერმინ ნაოჭს.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 Encyclopedia Britannica | Fold. By The Editors of Encyclopaedia Britannica
  3. Ramsay, J.G. (1967). Folding and Fracturing of Rocks. New York: McGraw Hill.
  4. Suppe J. (1983). Geometry and Kinematics of fault bend folding. American Journal of Science 283: 684–721.
  5. Price, N. J. & Cosgrove, J. W. (1990). Analysis of Geological Structures. Cambridge: Cambridge University Press.
  6. M. Cocks, Richard C. Selly, Robin L., Ian R. Plimer (2005). Encyclopedia of Geology. S-W. V. 5. Elsevier, Oxford, 2005