ნანა დემეტრაშვილი
ნანა (ნათელა) ალექსანდრეს ასული დემეტრაშვილი (დ. 19 აპრილი, 1939, თეთრიწყარო, — გ. 15 აგვისტო, 2011) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1963). 1963–1964 წლებში რეჟისორად მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში, 1964–1967 წლებში — გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1967–1987 წლებში მთავარი რეჟისორის, შემდეგ დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელმძღვანელობდა ახალციხეში მესხეთის განახლებულ დრამატულ თეატრს. სპექტაკლები დადგა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ და რუსთავის დრამატულ თეატრებში. 1987–2007 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
დემეტრაშვილის ძირითადი ნამუშევრებია: კ. ვიტლინგერის „ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი“, ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, ო. ჩხეიძის „თედორე“, ა. გეწაძის „პაემანი ცაში“ (სპექტაკლის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა მოსკოვში 1976), ფ. შილერის „ყაჩაღები“, კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“, მოლიერის „ტარტიუფი“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“. მიღებული აქვს ს. ახმეტელის სახელობის პრემია (2010) და სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 373.