ნათან სედერბლუმი

(გადამისამართდა გვერდიდან ნათან სიოდერბლუმი)

ლარს ოლოფ იუნათან (ნათან) სედერბლუმი (შვედ. Lars Olof Jonathan (Nathan) Söderblom; დ. 15 იანვარი 1866 — გ. 12 ივლისი 1931) — შვედი მღვდელი და ეკუმენისტი, შვედეთის ეკლესიის უფსალის ლუთერანი მთავარეპისკოპოსი 1914-1931 წლებში. 1930 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.

ნათან სედერბლუმი
Nathan Söderblom
უფსალის მთავარეპისკოპოსი
1914 — 1931
ეკლესია: შვედეთის ეკლესია
წინამორბედი: იუჰან ავგუსტ ეკმანი
მემკვიდრე: ერლინგ ეიდემი
 
დაბადება: 15 იანვარი, 1866
ევლებორგი, შვედეთი
გარდაცვალება: 12 ივნისი, 1931 (65 წლის)
ეპისკოპოსად კურთხევა: 1914

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნათან სედერბლუმი დაიბადა ტრეიონისოს ფერმაში, ამჟამად სედერჰამნის მუნიციპალიტეტი, ევლებორგის ლენი, შვედეთი. მამამისი იყო მღვდელი და ღრმადმორწმუნე ქრისტიანი.

სედერბლუმი უფსალის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა 1883 წელს. მან არ იცოდა კონკრეტულად რის შესწავლას აპირებდა, მაგრამ გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყოლოდა. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 1892 წელს მიიღო ხარისხი თეოლოგიაში და გახდა ლუთერანული ეკლესიის პასტორი. ამავე წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი გერმანელი რეფორმატორის მარტინ ლუთერის გერმანული თეოლოგიის შესახებ. 1892-1893 წლებში სედერბლუმი ხდება უფსალის სტუდენტური კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და შემდეგ პრეზიდენტი.

გარკვეული მცირე დროით ნათანი უფსალის ფსიქიატრიული საავადმყოფოს კაპელანად მუშაობდა, შემდეგ დანიშნეს პარიზის შვედური ეკლესიის პასტორად. 1897 წელს ცოლად მოიყვანა უფსალის უნივერსიტეტის სტუდენტი ანე ფორსელი, რომელთა ოჯახშიც დაიბადა 10 შვილი. პარიზში სედერბლუმი შვიდი წელი დარჩა. მის მრევლს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი სკანდინავიელი მხატვრები, დიპლომატები და ბიზნესმენები, რომელთა შორის იყო ალფრედ ნობელი. 1896 წლის 10 დეკემბერს ალფრედ ნობელის გარდაცვალების შემდეგ სედერბლუმმა აღავლინა წესის აგების რიტუალი.

სედერბლუმმა დაასრულა პარიზის უნივერსიტეტის ასპირანტურა თეოლოგიისა და ისტორიის განხრით და მიიღო თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. სადისერტაციო თემად სიდერბლუმმა აირჩია სიკვდილის შემდეგი ცხოვრება სპარსულ რელიგია ზოროასტრიზმში. იგი შვედეთში დაბრუნდა 1901 წელს, მას შემდეგ, რაც შესთავაზეს უფსალის უნივერსიტეტის თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელობა. 1912 წელს იგი გახდა ლაიფციგის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის პროფესორი.

1914 წლის 20 მაისს სედერბლუმი დანიშნეს შვედეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად. პირველი მსოფლიო ომის დროს სედერბლუმი ცნობილი გახდა მშვიდობისათვის თავისი ქრისტიანული მოძრაობით. ამ პერიოდისათვის მან დაწერა რამდენიმე მსხვილი ნაშრომი და 1921 წელს აირჩიეს შვედეთის აკადემიაში.

ნათან სედერბლუმი ახლოს იცნობდა ინგლისელ ეკუმენისტს ჯორჯ ბელს და ითვლება ეკუმენიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1925 წელს სტოკჰოლმში ორგანიზება გაუწია საერთო ქრისტიანულ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდა თითქმის ყველა მსოფლიო ეკლესია, გარდა რომაულ-კათოლიკურისა. ამ კონფერენციის შედეგი იყო 1948 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექმნა.

1930 წელს სედერბლუმს მიანიჭეს ნობელის მშვიდობის პრემია, როგორც ჯილდო რელიგიური გაერთიანების საშუალებით მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ნობელის პრემიის მინიჭებიდან ერთ წელიწადში მიიწვიეს ედინბურგის უნივერსიტეტში ლექციების კურსის წასაკითხად, მაგრამ პირველი ათი ლექციის შემდეგ დაბრუნდა შვედეთში.

სედერბლუმი გარდაიცვალა 1931 წლის 12 ივლისს უფსალაში, გულის შეტევის შედეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dietz Lange, Nathan Söderblom und seine Zeit, Göttingen 2011
  • Klas Hansson, Nathan Söderblom's ecumenical cope. A visualization of a theological and ecumenical concept. Studia Theologica - Nordic Journal of Theology, vol 66, issue 1, 2012
  • Jonas Jonson, Nathan Söderblom: called to serve. Translated from Swedish by Norman A. Hjelm. Grand Rapids: Eerdmans 2016.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება