ნავიგატორი (რადიოპიესა)

ლაშა ბუღაძის რადიოპიესა

„ნავიგატორი“ლაშა ბუღაძის 2011 წლის ტრაგიკომედია. ნაწარმოები ადამიანის გაუცხოების და მარტოობის შესახებაა. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. რადიოპიესა 2011 წელს ინგლისშიც დაიდგა და ბრიტანეთის საბჭოს პრიზი მოიპოვა.

„ნავიგატორი“

ავტორი ლაშა ბუღაძე
გარეკანის მხატვარი ნათია კვარაცხელია
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ადამიანის გაუცხოება
ჟანრი ტრაგიკომედია, რადიოპიესა, აბსურდი
გამომცემელი სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2011
მედია თხელი ყდა
გვერდი 128
ISBN 9789941155536

როსტომს, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო ფირმის მე-15 სართულზე მუშაობს, უფროსი დაიბარებს და ეტყვის, რომ მას მანქანას მისცემენ, რომლითაც კონფლიქტის ზონებთან მშენებარე კორპუსების ნახვა დაევალება. როსტომი უფროსს შესჩივლებს, რომ ტარება აღარ ახსოვს, ამიტომ მას ნავიგატორიან მანქანას მისცემენ. სამსახურში როსტომს 15 წლით ახალგაზრდა კლარა მოსწონს, რომელიც ეტყვის, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლება. როსტომი მანქანაში დაიწყებს ლაპარაკს და შეამჩნევს, რომ მას ნავიგატორი ესაუბრება. ნავიგატორი გაუმხელს, რომ კლარას აკრბასთან აქვს რომანი და მისგან შვილს ელოდება. როსტომი ამ ყველაფერს მეგობარ ჯაყელს ეტყვის და თხოვს, რომ დაუჯეროს. ნერვებმოშლილი აფხაზეთის საზღვართან მშენებარე კორპუსში მუშებთან ტონს აუწევს და მუშტიც მოხვდება. ხეიბარ მამას ეჩხუბება. შემდეგ კლარას ამ ყველაფერს ეტყვის და ღალატში დაადანაშაულებს. კლარას ნამდვილი საქმრო როსტომს მუშტს გაარტყამს. უფროსობა გადაწყვეტს, რომ როსტომს მანქანა ჩამოართვან. გაბრაზებული როსტომი ჯაყელთანაც იჩხუბებს. მანქანაში კი ნავიგატორი გაუმხელს, რომ უყვარს და მის გარეშე ვერ იცხოვრებს. ჯაყელი მას შეურიგდება და დაუჯერებს. მაგრამ, ნავიგატორის გადამკიდე როსტომი ავარიაში დაიღუპება. იგივე ნავიგატორიან მანქანას ჯაყელი თხოვნას დაუწყებს, რომ დაელაპარაკოს..

პერსონაჟები

რედაქტირება
  • როსტომი - 45 წლის პატიოსანი თანამშრომელი.
  • ნავიგატორი - როსტომის წარმოსახვის ნაყოფი, რომელსაც მანქანაში ესაუბრება.
  • ჯაყელი - როსტომის მეგობარი, თანამშრომელი.
  • კლარა - როსტომის თანამშრომელი, რომელიც მოსწონს.
  • ოთარი - დირექტორი.
  • ემზარი - დეპარტამენტის უფროსი.
  • როსტომის მამა - ხეიბარი, გალოთებული, რომელსაც როსტომი მისივე თქმით „ზრდიდა“.
  • აკრბა - როსტომის თანამშრომელი, ნავიგატორიმა როსტომი მოატყუა, რომ მას რომანი აქვს კლარასთან.

ჯილდოები

რედაქტირება

2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:

  • „ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა“.
  • „პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი“.

პიესამ მიიღო „საბა“ 2012 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება