ნადოკრის ღვთისმშობლის ეკლესია
ნადოკრის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. სამხრეთიდან მოგვიანებით აგებული ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის კამაროვანი გადახურვისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია სამრეკლოს I სართულის გარეთ კუთხეების ზედა ნახევარი, ჩამონგრეულია ფანჩატურის გადახურვა. სწორკუთხა შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს, სამრეკლოს I სართულიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე. გაჭრილია ფართო თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, სარკმლის ქვემოთ ტრაპეზის ნაწილია შემორჩენილი. კონქის თაღი ნახევარწლიური ფორმისაა. შიგნით ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული ფორმის კამარით, რომლსაც ჩრდილოეთის ქუსლი და სამხრეთის გვერდის ნაწილიღა შემორჩა.
სამრეკლო გეგმით კვადრატულია და ეკლესიის სამხრეთის ფასადის დასავლეთ ნახევარზეა მიდგმული. I სართული, რომელიც მთლიანად ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები, კარიბჭეა. ერთადერთი შეისრულთაღიანი შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს. ჩრდილოე კედელში ფართო და მაღალი ნახევარწრიული თაღია, რომელიც ეკლესიის შესასვლელი გამოდის. სართულს წვერწაკვეთილი პირამიდის ფორმის სხმული კამარა აქვს. სამრეკლოს II სართული მთლიანად აგურით ნაგები რვაწახნაგოვანი ფანჩატურია. თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი თაღოვანი ღიობია. ყველა ღიობი თანაბარი სიმაღლისაა. სამრეკლოს ზედა ნაწილები მონგრეულია და მისი გადახურვის ფორმის დადგენა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 396.