მუსიკა დამოუკიდებელ საქართველოში

მუსიკა დამოუკიდებელ საქართველოში — მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თერგდალეულთა მიერ დაწყებული ეროვნული აღმავლობა ქართულ მუსიკასაც შეეხო. ახალი ეპოქის ქართველ მუსიკოსებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა შეესრულებინათ: დავიწყებისგან ეხსნათ ქართული გალობა და სიმღერა, აეთვისებინათ ევროპული მუსიკის იმდროინდელი მიღწევები და ევროპული გამოცდილების საფუძველზე შეექმნათ ახალი ქართული პროფესიული ეროვნული მუსიკა. ამ ამოცანას ქართველმა მუსიკოსებმა წარმატებით გაართვეს თავი. გამოჩნდა მრავალი ახალი პროფესიონალი, რომელთა უმრავლესობასაც უმაღლესი მუსიკალური განათლება რუსეთისა და ევროპის კონსერვატორიებში ჰქონდათ მიღებული. ახალი ქართული მუსიკის ოქროს ხანა არის 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე თბილისის სამუსიკო სასწავლებელი კონსერვატორიად გადაკეთდა. ეს იყო პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი საქართველოსა და მთელს კავკასიაში. 1918 წლის 21 მაისს ქართულ კლუბში, ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის თაოსნობით, სცენაზე პირველი ქართული ოპერის — რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეს“ პრემიერა მოეწყო. დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწეობდა ახალი ქართული პროფესიული მუსიკის დამფუძნებელი ხუთივე კლასიკოსი: 1917 წელს საქართველოში ბრუნდება და 1918 წელს ქუთაისში მუსიკალურ სასწავლებელს აარსებს მელიტონ ბალანჩივაძე. 1918 წლის 9 ივნისს ქართულ კლუბში და 1918 წლის 30 ივნისს თბილისის ოპერის თეატრში „ქალ-ვაჟთა“ გუნდმა, ნ. სულხანიშვილის ლოტბარობით, ეროვნული მუსიკის ორი კონცერტი ჩაატარა — მონაწილეობდნენ პირველი ქართველი საოპერო მომღერლები: ვ. სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ო. კალანდაძე და ვ. ლორთქიფანიძე. კონცერტებზე ნ. სულხანიშვილის, ზ. ფალიაშვილის. დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ა. ყარაშვილის და ი. ჯაბადარის ნაწარმოებები შესრულდა. 1919 წელი განსაკუთრებულია ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიაში. ნ. სულხანიშვილი წერს თავის უკანასკნელ ნაწარმოებს — „ღმერთო ღმერთო“.

1919 წლის 5 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ამით დაიწყო ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია. 1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის სცენაზე პირველად დაიდგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. 1919 წლის 11 დეკემბერს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა პირველი ქართული კომიკური ოპერის, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პრემიერა. ოპერამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პოპულარობით ქართული მუსიკის ყველა სხვა დიდი მასშტაბის ნაწარმოებს გადააჭარბა. 1919 წლიდან გასაბჭოებამდე სრულდებოდა კ. ფოცხვერაშვილის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. 1919 წელს „ქართული ფილარმონიული საზოგადოება“ „ქართულ სამუსიკო საზოგადოებად“ გადაკეთდა, გაიხსნა მისი ფილიალები სოხუმსა და თელავში, მოეწყო ფოლკლორული ექსპედიციები, შეიქმნა ქართული მუსიკალური სასწავლებელი, დ. არაყიშვილისა და ქართველი მომღერლების ორგანიზებით დაარსდა პირველი საოპერო სტუდია, რომლის თანამშრომლებმაც ქართულად თარგმნეს ა. რუბინშტეინის „დემონი“, ჟ. ბიზეს „კარმენი“ და შ. გუნოს „ფაუსტი“. საოპერო სტუდიის პირველი ნამუშევარი იყო დ. ჩიმაროზას ოპერა „საიდუმლო ქორწინება“. იმ პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ბალეტებიც: „ბახუსის დღესასწაული“ (1919 წელს) და „სიყვარულის ნექტარი“ (1920 წელს). ბალეტების ავტორი იყო პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი, მოდერნისტი თ. ვახვახიშვილი. მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული გალობისა და ხალხური მუსიკისთვისაც: 1918 წელს მ. ბალანჩივაძისა და კ. ფოცხვერაშვილის ინიციატივით, თბილისში, ერთი თვით, იწვევენ ნ. კონტრიძის მგალობელთა გუნდს, ერქომაიშვილებისა და გ. ბაბილოძის საოჯახო ანსამბლს და ძ. ლოლუას გუნდს. 1918 წელს აფხაზეთში (ოჩამჩირეში) ხალხური სიმღერის გუნდს ქმნის ლოტბარი კ. პაჭკორია. 1919 წლის 5 იანვარს. ქართულ კლუბში გამართული კონცერტის მეორე განყოფილებაში, დედაქალაქში პირველად, მსმენელის წინაშე წარმატებით გამოდის დები თარხნიშვილების გუნდი. იმ დროისთვის პოპულარული მუსიკის ჟანრშიც იყო სიახლეები. 1920 წელს თბილისში ბოშური რომანსის პირველი ქართველი შემსრულებლის — თ. წერეთლის სადებიუტო კონცერტი ჩატარდა. დამოუკიდებლობის წლებში საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა მომავალში ევროპაში ცნობილი მოხეტიალე მუსიკოსი და მომღერალი, მევიოლინე ი. ქურხული. მნიშვნელოვანი არტისტები მოღვაწეობდნენ საოპერო ხელოვნებაშიც. 1918-1921 წლებში თბილისის ოპერის სცენაზე გამოდიოდნენ ცნობილი მომღერლები: სოპრანოები — ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ო. კალანდაძე აღასოვისა, ს. ღაბაშიძე, დ. ოქროპირიძე; ტენორებივ. — სარაჯიშვილი, ა ჭუმბურიძე და ი. ფხალაძე; ბარიტონები — ს. ინაშვილი, ნ. ელიოზიშვილი, გ. ქურხული, მ. თარხნიშვილი, გ. ვენაძე (ინაშვილი) და გ. ქარცივაძე; ბანები — ვ. ლორთქიფანიძე და ე. იმერლიშვილი. 1920 წელს საქართველოში ჩამოვიდა და თბილის სახალხო ოპერის თეატრში იმღერა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ტენორმა — მ. ნანობაშვილმა (მიშელ დარიალმა). მას ბენეფისიც გადაუხადეს და აირჩიეს „ქართველ მუსიკოს მომღერალთა კავშირის“ თავმჯდომარედ. დაიდგა იპოლიტოვ-ივანოვის ოპერა „ღალატი“, რომელიც ქართულ ენაზე კ. ფოცხვერაშვილმა თარგმნა. „ქართულ ფილარმონიულ სამუსიკო სასწავლებელში“ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქართული სავიოლინო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი, მევიოლინე და კომპ. ა. ყარაშვილი. საქართველოს ფარგლებს გარეთაც წარმატებით მოღვაწეობდნენ ქართველი მუსიკოსები.

ევროპაში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ე. ჯაბადარმა 1918 წელს (ზოგიერთი ცნობით — 1919 წელს) ვენაში დაამთავრა მუშაობა სამმოქმედებიან ოპერაზე „გულნარა“. მოგვიანებით (1924 წელს), „გულნარა“ პარიზის გრანდ-ოპერის რეპერტუარში შეიტანეს. ვენის კონსერვატორიაში სწავლობდა და კონცერტებში მონაწილეობდა თ. გოცირიძე. იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქების საოპერო სცენებზე გამოდიოდა მომღერალი ქალი, კოლორატურული სოპრანო, ემიგრანტი ე. თარხნიშვილი. 1920 წლიდან იყო ცნობილი იტალიელი ტენორის და პიანისტის ა. დე ვიტას მეუღლე. მან მილანში დააარსა სალონი, სადაც იკრიბებოდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები: პ. მასკანი, ე. კარუზო, ტ. რუფფა და ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები. გერმანიის ქ. დარმშტატის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი იყო კოლორატ. სოპრანო მ. ნიჟარაძე. თბილისს ეწვია და სასტუმრო „ნოეს“ საკონცერტო დარბაზში მოწყობილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. რუსეთში მოღვაწეობდა კომპზიტორი ზაქარია ფალიაშვილის ძმა — დირიჟორი ი. ფალიაშვილი. კანონზომიერია, რომ სწორედ ხანმოკლე პოლიტიკური დამოუკიდებლობის წლებმა გამოავლინა ყველაზე უკეთ ქართული მუსიკის ის მიღწევები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოღვაწე მუსიკოსებმა: ლ. აღნიაშვილმა, ხ. სავანელმა, ა. მიზანდარმა, ფ. ქორიძემ და სხვა. დამოუკიდებელ საქართველოში აღსრულდა მრავალი თაობის სურვილი ქართული ეროვნული ოპერის შექმნისა, გამოიკვეთა ქართული მუსიკის განვითარების გზები, აღორძინდა ტრადიციული გალობა და მრავალხმიანი სიმღერა, გაჩნდა როგორც მოდერნისტული ექსპერიმენტული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშები, ასევე აღმოცენდა მსუბუქი საესტრადო მიმართულებებიც. ქართულ მუსიკას საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობაც გაუჩნდა. როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა თუ აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე მუსიკოსების წარმატებამ ცხადყო, რომ, ქართული კულტურის სხვა დარგებთან ერთად, ქართული მუსიკაც სრულყოფილ ადგილს იმკვიდრებდა ცივილიზებული სამყაროს სივრცეში, თუმცა გასაბჭოების ტრაგიკულმა ხვედრმა ამ შესაძლებლობის განხორციელებას ხელი შეუშალა და მძიმე დაღი დაასვა ქართული მუსიკის შემდგომ განვითარებას. ნოვაციებით აღსავსე XX საუკუნის საუკეთესო ათწლეულები საქართველომ, სამწუხაროდ, წითელი ტერორის ქვეშ გაატარა. თუმცა დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულმა წარმატებებმა ისეთი მყარი პროფესიული საფუძველი ჩაუყარა აღორძინებულ ქართულ მუსიკას, რომ მათი აღმოფხვრა თვით საბჭოთა რეჟიმმაც კი ვერ შეძლო. 1918-1921 წლების საუკეთესო პერიოდად შევიდა, და ასეთად დარჩება კიდეც, ახალი ქართული მუსიკის ისტორიაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლეჟავა ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 287-288.