ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუსა ნაგიევი, იგივე აღა მუსა ნაგიევი (აზერ. Ağa Musa Nağıyev; 1848-1919) — ცნობილი აზერბაიჯანელი მილიონერი, ნავთობმრეწველი, XIX-ის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში მოღვაწე მეცენატი.

მუსა ნაგიევი
დაბადების თარიღი 1848
ბალაჯარი (ბაქო)
გაუჩინარდა მარტი, 1919 წელი
ბაქო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანი
ეთნიკურად აზერბაიჯანელი
პროფესია ნავთობმწარმოებელი
საქმიანობა საქველმოქმედო საქმიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
„ნაგიევის“ სახლი ბაქოს ცენტრში აგებული მუსა ნაგიევის მიერ, რომელშიც იგი ცხოვრობდა

მუსა ნაგიევი 1848 წელს ბაქოს გარეუბანში, ბალაჯარის დასახლებაში, ჩალით მოვაჭრის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის ოთხ შვილს შორის ყველაზე უფროსი იყო. მუსამ 11 წლის ასაკში დაიწყო პორტში მზიდავად მუშაობა. ის ყოველდღე 5 საათზე მიდიოდა სამუშაოდ. 18 წლის ასაკში საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა და მიწათმოქმედების მიზნით მიწის ნაკვეთი შეიძინა. სასმელი წყლის მოსაპოვებლად ჭის გათხრისას, მის ნაკვეთზე ნავთობის ჭავლმა იხეთქა.[1] ამ დღიდან იგი ნავთობით მოვაჭრე გახდა. გამომუშავებული თანხა იმის საშუალებას აძლევდა, რომ საქმის უკეთესად ორგანიზებისათვის მცოდნე სპეციალისტები დაექირავებინა. მოგვიანებით, რეგულარული შემოსავლის მისაღებად მშენებლობისა და უძრავი ქონების ინვესტირებას იწყებს. მუსამ ბაქოში 98 შენობა ააგო, მათ შორის 4 საავადმყოფო და ბაქოს საიჯარო ქონების უმსხვილესი მფლობელი გახდა. მუსა ფლობდა 200-ზე მეტ შენობას.

მუსა ნაგიევი აზერბაიჯანული წარმომავლობის, ცნობილი ფრანგი მწერალი ქალის - ბანინის ბაბუაა. მასზე გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს მუსა ძუნწი იყო - მცდარია, პირიქით მუსა ნაგიევი დიდ თანხას დებდა ქველმოქმედებაში. იყო ერთ-ერთი უმსხვილესი რეალური სასწავლებლის მთავარი სპონსორი და რწმუნებული. სასწავლებლის შენობაში ამჟამად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტია განთავსებული. ბაქოს რეალური სასწავლებლის საპატიო რწმუნებულის სახით, მუსა ნაგიევმა მიიღო ოქროს მედალი ანდრეევის ბაფთით და წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი.[2][3]

მუსას ერთადერთი ვაჟი 27 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ამის შემდეგ აღა მუსა ნაგიევმა საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა. მას სურდა, რომ ამ საავადმყოფოში განხორციელებულიყო მძიმე სნეულებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა იმისათვის, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მისი ვაჟიშვილის მსგავსად, ნაადრევად არ გარდაცვლილიყვნენ. ნიჭიერი სამოქალაქო ინჟინერის, ნ. გ. ბაევის მიერ აგებული საავადმყოფოს შენობები 1918 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. საავადმყოფოს მშენებლობა მუსა ნაგიევს 300 ათასი ოქროს მანეთი დაუჯდა. საავადმყოფოს ტერიტორიის ფართობი - 100 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო ამბულატორიული ნაწილი ათას საწოლზე იყო გათვლილი. 1992 წელს, ამ შენობას მუსა ნაგიევის სახელი დაუბრუნდა. დიდი ხნის განმავლობაში ამ შენობაში, მუსა ნაგიევის სახელობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკური საავადმყოფო იყო განთავსებული. 2010 წლის ივნისიდან, შენობაში აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროა განთავსებული.

  1. От амбала до миллионера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
  2. Гукасовы. Музей HEФТЕГАЗСТРОЙПРОФСОЮЗ РОССИИ. ციტირების თარიღი: 2021-02-03
  3. Ю. Н. Емельянов. ГУКА́СОВЫ (Гу­ка­сянц, Гу­ка­сян). Большая Российская Энциклопедия.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-07. ციტირების თარიღი: 2021-02-03
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუსა_ნაგიევი“-დან