მუნის ტკიპები (Sarcoptidae), უხერხემლოთა ოჯახი ნამდვილი ტკიპების რიგისა. პარაზიტობენ ძუძუმწოვართა კანში და იწვევენ მუნს. ცნობილია მუნის ტკიპების 20-მდე სახეობა. უკეთაა შესწავლილი ჩვეულებრივი მუნის ტკიპები, რომელიც ადამიანისა და შინაური ცხოველების პარაზიტია. ადამიანის მუნის ტკიპების სიგრძე 0,2-0,45 მმ-მდეა. დედლები კანის ეპიდერმისში სასვლელებს იკეთებენ, რომლებსაც კვერცხებით ავსებენ. 4-8 დღეში მატლები იჩეკებიან; 15 დღეში ისინი გარდაიქმნებიან ზრდასრულ ფორმებად. კოპულაცია ხდება კანის ზედაპირზე.
- ქსე, ტ. 7, გვ. 196, თბ., 1984