მსხვილი რუხი ბატი
მსხვილი რუხი ბატი — ბატის ფართოდ გავრცელებული სამამულო ჯიში. ჩამოყალიბდა ორი პოპულაციის სახით: უკრაინის მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ბორკიული ტიპი) და ტამბოვის ოლქის მეფრინველეობის სანაშენე ქარხანაში „არჟენკა“ (ტამბოვურ-სტეპური ტიპი). ორივე პოპულაცია გამოყვანილია რომნიული და ტულუზური ჯიშების შეჯვარებით და პროდუქტიულობის ნიშნების მიხედვით გადარჩევით. რუსეთის სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს 1993 წელს. გამოირჩევა სხეულის მკვრივი აგებულებით. მამლის ცოცხალი მასაა 7,0–8,0 კგ, დედლისა — 6,0–7,0 კგ. ტანი მასიურია; ზურგი ფართო, სწორი; მუცელზე აქვს კანის 2 ნაკეცი; კისერი სქელი და საშუალო სიგრძის. შეფერილია რუხად; ზურგსა და ფრთებზე ქერცლისებრი ნახატი აქვს; მუცელი და კუდის ბუმბულების ბოლოები თეთრია; ნისკარტი და ფეხები ნარინჯისფერი. კვერცხის მასა 180–190 გრამია, ნაჭუჭი თეთრი. მეკვერცხულობა — 38–42 ცალი წელიწადში, კვერცხის განაყოფიერების მაჩვენებელი 80–85%, გამოჩეკისა — 68–73%. 9 კვირის მოზარდეული 3,7–4,0 კგ-ს იწონის. ჯიში გავრცელებულია რუსეთსა და უკრაინაში; რუსეთში ყველაზე მეტად — ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში; პროდუქტიულობის დასაცავად სანაშენე სამუშაოები მიმდინარეობს ქარხანაში „არჟენკა“.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ройтер Я. С. КРУПНЫЕ СЕРЫЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 129.