„მსახიობის დღე“ — ქართული გაზეთი, მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამოდიოდა 1920, 1921 და 1923 წლებში. გამომცემელი — სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირი. რედაქტორი — შალვა დადიანი. გამოიცემოდა თბილისში, მსახიობის დღის აღსანიშნავად. 2 იანვარი ქართული თეატრის დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920 წელს, გაიმართა ქართველ მსახიობთა ყრილობა.

გაზეთის 1920 წლის მეორე ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე გვერდზე დაბეჭდილია განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის შესახებ და თბილისში წარმოდგენილი 14 სპექტაკლის ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები ეხმიანება მსახიობთა დღესასწაულს. ამ მოვლენას ეძღვნება გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“, დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე ე. ანდრონიკაშვილის „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. იოსებ იმედაშვილის სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“ საუბარია ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე. ავტორი საზოგადოებას ულოცავს დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ამავე ნომერში დაიბეჭდა ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს. 1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და გრ. რობაქიძის „ქართული თეატრი“. გაზეთში დაიბეჭდა ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება აკაკი ფაღავას წერილი „73“. გაზეთში დაიბეჭდა ივ. გომართელის სტატია „ქართული ხელოვნება“, ალ. ახმეტელის „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, ალ. წუწუნავას „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ. ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხებოდა ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებდა მ. ბალანჩივაძის მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე დაიბეჭდა ს. შანშიაშვილის, შიო მღვიმელისა და ვ. რუხაძის ლექსები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წერეთელი მ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 286.