მოხოროვიჩიჩის ზედაპირი
მოხოროვიჩიჩის ზედაპირი (მოხოროვიჩიჩის საზღვარი; როგორც წესი ეწოდება მოხო, ან უბრალოდ M)[1] — გამყოფი ზედაპირი დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის, რომელიც დადგენილია სეისმოლოგიური მონაცემებით. გრძივი სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარე მოხოროვიჩიჩის ზედაპირზე გადასვლისას (ზემოდან ქვემოთ) ნახტომისებურად იზრდება 6,7-7,6-იდან 7,9-8,2 კმ/წმ-მდე, ხოლო განივი ტალღებისა — 3,6-4,2-იდან 4,4-4,7 კმ/წმ-მდე.[2] სხვადასხვა გეოფიზიკური, გეოლოგიური და სხვა მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ნახტომისებურად უნდა იცვლებოდეს ნივთიერებათა სიმკვრივეც: 2,9-3,0-იდან 3,1-3,5 ტ/მ³-მდე. ვარაუდობენ, რომ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი ერთმანეთისაგან ყოფს სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის ფენებს.
სახელი ეწოდა ხორვატელი მეტეოროლოგისა და გეოფიზიკოსის ანდრია მოხოროვიჩიჩის პატივსაცემად, რომელმაც 1909 წელს პირველმა დაადგინა ამ საზღვართან დაკავშირებული სეისმური ტალღები.[3] ზოგიერთ უნიკალურ რაიონში მოხოროვიჩიჩის ზედაპირი სუსტად არის გამოხატული, ფიზიკური პარამეტრები ვერტიკალზე იცვლება თანდათანობით რამდენიმე კილომეტრის ინტერვალში.[1]
მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ბუნებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. გეოფიზიკური მონაცემების მიხედვით, მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ქვემოთ ვრცელდება ან ულტრაფუძე შედგენილობის ზედაპირი (პერიდოტიტების ტიპი), ან ძირითადი შედგენილობის მჭიდრო ზედაპირი — ეკლოგიტები.[1] მოხოროვიჩიჩის ზედაპირი ოკეანის საგების ქვეშ 5-იდან 10 კმ-მდე ვრცელდება, ხოლო კონტინენტური ქერქიდან 20-იდან 90 კმ-მდე, საშუალოდ 35 კმ-მდე.[4] ბურღვით მოხოროვიჩიჩის ზედაპირამდე მიღწევის რამდენიმე ცდა განხორციელდა XX საუკუნეში, თუმცა უშედეგოდ.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელდა პროექტი „მოხოლე“, აღსანიშნავია აგრეთვე კოლის ზეღრმა ჭაბურღილი, ყოფილ სსრკ-ში. ამ პროექტების ძირითადი დანიშნულება იყო მოხოროვიჩიჩის ზედაპირის გამოკვლევა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მოხოროვიჩიჩის ზედაპირი“ ვიკისაწყობში.
- მოხოროვიჩიჩის ზედაპირი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- Modellierung des östlichen Saxothuringikums und der Moho დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოხოროვიჩიჩის ზედაპირი. გეოლოგიური ლექსიკონი
- ↑ Большая российская энциклопедия | Граница Мохоровичича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-04-24.
- ↑ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი. სამეცნიერო-ტექნიკური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ James Stewart Monroe, Reed Wicander (2008). The changing Earth: exploring geology and evolution, 5th, Cengage Learning, გვ. 216. ISBN 0-495-55480-4.