მთავარი მენიუს გახსნა

მოჭრილი გორა — ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნისა და I ათასწლეულის დასაწყისში სამოსახლო გორა სოფელ ჩალაუბნის (გურჯაანის რაიონი) დასავლეთ განაპირა უბანში. ამ ხანაში გარე კახეთში მოსახლეობამ მთის ფერდობიდან საცხოვრებლად ხელოვნურ ბორცვებზე გადაინაცვლა. მოჭრილი გორა წარმოადგენს დაბალ, ბუნებრივ, 50 მ სიგრძის ბექობს, რომელსაც თავდასაცავი ღრმა, საფეხურებიანი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. თხრილიდან ამოყრილი მიწა გამოყენებულია გარე ძრუდისთვისაც და თვით სამოსახლოსათვისაც. მიწა შეზვინებულია 2 მ-ზე და ქმნის 1000 მ2 ფართობს. თხრილს ნასახლარის მხარეს საფეხურებიანი შვეული კედლები აქვს, ყრილის მხარეს კი ისეთივე დამრეცი კედლები ისეა გათვალისწინებული, რომ მომსვლელი რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო სამოსახლოზე მყოფი ადამიანი ხედვით არეში.

მოჭრილი გორა წარმოადგენს ორფენიან სამოსახლოს. ქვედა ფენის (ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნა) სიმძლავრეა 2 მ. იგი შეიცავს ქვის საძირკვლებისა და თიხის კედლების ნაშთებს, ბანური გადახურვის ნანგრევებს. სათავსებში მცირე რაოდენობით აღმოVნდა ამოღარული კონცენტრული ზოლებით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. ზედა ფენის (ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი) მშენებლებს გამოუყენებიათ ქვედა ნამოსახლარის მასალა. კულტურული ფენის სიმძლავრე 0,5-0,7 მ. ზედა ნამოსახლარს თხემის კიდეზე დაჰყვება რიყის დიდი ქვების ზღუდე. ამავე ფენაში გამოვლინდა მრავალი სათავსი და პურის საცხობი თონე.

ნამოსახლარის უეცარ მიროვებაზე მიგვითითებს იატაკზე აღმოჩენილი მრავალი ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთი (ცული, ისრისპირი და სხვა ნივთები), ხოლო ზედა შრეებში ბრინჯაოს ე. წ. „სკვითური“ ორფრთიანი ისრისპირების აღმოჩენა საშუალებას იძლევა დადგინდეს ნამოსახლარის განადგურების თარიღი (ძვ. წ. VII საუკუნის დასასრული - VI საუკუნე) და მტრის ვინაობა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII საუკუნეები), თბ., 1973;
  • ფიცხელაური კ., ქსე, ტ. 7, გვ. 158, თბ., 1984