მიხეილ შოლოხოვი (რუს. Михаил Александрович Шолохов; დ. ძვ. სტილით 11 მაისი, ახ. სტილით 24 მაისი, 1905, ხუტორი კრუჟილინსკი, სტანიცა ვიოშენსკაია, როსტოვის ოლქი, — გ. 21 თებერვალი, 1984, სტანიცა ვიოშენსკაია, როსტოვის ოლქი) — რუსი მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი; სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ორგზის სოციალისტური შრომის გმირი. 1932 წლიდან იყო სკკპ-ს, ხოლო 1961 წლიდან სკკპ ცკ-ს წევრი. 1937 წელს გახდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიხეილ შოლოხოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა რომანმა „წყნარი დონი“, რომლისთვისაც 1965 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[10]

მიხეილ შოლოხოვი
რუს. Михаил Александрович Шолохов
დაბადების თარიღი 11 (24) მაისი, 1905[1]
დაბადების ადგილი კრუჟილინსკი, დონის ძალების ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 1984(1984-02-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვიოშენსკაია, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია ვიოშენსკაია
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, სცენარისტი, პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ნოველისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი მოთხრობა და ნარკვევი
Magnum opus ბედი კაცისა, წყნარი დონი და The New Land
ჯილდოები სსრკ სახელმწიფო და ლენინური პრემია
მეუღლე Maria Petrovna Gromoslavskaia
შვილ(ებ)ი მიხეილ შოლოხოვი და Svetlana Mikhailovna Sholokhova
ხელმოწერა

შოლოხოვის შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას 1933 წელს სურდა „გატეხილი ყამირის“ ეკრანიზაცია და სცენარიც დაწერა შოლოხოვთან ერთად, მაგრამ ჩანაფიქრი არ განხორციელებულა. შოლოხოვმა იმოგზაურა საქართველოში 1966 და 1968 წლებში.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

მიხეილ შოლოხოვი 1905 წლის 11 მაისს როსტოვის ოლქში, კრუჟილინსკის დასახლებაში საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ალექსანდრე მიხაილოვიჩ შოლოხოვი სხვადასხვა დროს ფერმერობით, ვაჭრობითა და მეწისქვილეობით ირჩენდა თავს. ხოლო მისი დედა, ანასტასია დანიელოვნა ჩერნიკოვა უკრაინელი გლეხი იყო.

შოლოხოვი კარგინსკაიას და ვიოშენსკაიას სკოლებში სწავლობდა. 13 წლიდან იგი რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების მხარეს იბრძოდა. შოლოხოვმა წერა 17 წლის ასაკში დაიწყო. პირველ მოთხრობაზე „დაბადების ნიშანი“ ორი წლის შემდეგ დაასრულა მუშაობდა. 1922 წელს შოლოხოვი მოსკოვში გადავიდა და ჟურნალისტობა დაიწყო, თუმცა თავის სარჩენად პარალელურად მტვირთავის, ქვის მთელელის და ბუღალტერის პროფესიებსაც ითავსებდა.

1924 წელს შოლოხოვი ვიოშენსკაიაში დაბრუნდა, სადაც მთლიან დროს წერას უთმობდა. იმავე წელს მან ცოლად შეირთო მარია პეტროვნა გრომოსლავსკაია. წყვილს ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი ეყოლა.

1926 წელს გამოქვეყნდა შოლოხოვის პირველი მოთხრობათა კრებული „დონის ამბები“, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში მის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. იმავე წელს შოლოხოვმა რომანის „წყნარი დონი“ წერა დაიწყო, რომელსაც 14 წლის შემდეგ დაასრულა. რომანი საბჭოთა კავშირში ყველაზე კითხვადი მხატვრული ნაწარმოები გახდა და სოციალური რეალობის ამსახველ საუკეთესო მაგალითად დასახელდა. მწერალს რომანისთვის სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა. მომდევნო რომანისთვის „გატეხილი ყამირი“, რომელსაც შოლოხოვი 28 წლის მანძილზე წერდა, მან ლენინური პრემია მიიღო. რომანი კოლექტივიზაციის პერიოდში საბჭოთა ადამიანთა ცხოვრებას აღწერს. მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზეა შოლოხოვის დაუსრულებელი რომანი „ისითი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძოდნენ“.

1957 წელს შოლოხოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „კაცის ბედი“, რომლის მიხედვითაც 1959 წელს საბჭოთა კავშირში ფილმი გადაიღეს. მწერლის სრული შემოქმედება რვა ტომეულის სახით 1956-1960 წლებში გამოქვეყნდა.

პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი

რედაქტირება

1930 წელს შოლოხოვმა იოსებ სტალინი გაიცნო. მწერალი იმ ერთეულთაგანი იყო, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავისუფლად შეეძლო ესაუბრა დიქტატორთან. 1930-იან წლებში მან სტალინს რამდენიმე წერილი მისწერა, სადაც ვიოშენსკაიას რაიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში შემაშფოთებელი სამუშაო პირობების შესახებ აცნობებდა და ფერმერებისთვის დახმარების გაწევას სთხოვდა.[11][12]

1933 წელს მიწერილ წერილში შოლოხოვი სტალინს ორი ოფიცრის სახელს უსახელებდა, რომელთაც მწერლის თანასოფლელ პატიმართა წამებაში ადანაშაულებდნენ. სტალინმა გამოძიება წამოიწყო, რომლის საფუძველზეც ოფიცრები დააპატიმრეს და სიკვილით დასჯა მიუსაჯეს. სასჯელი მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა მათ შოლოხოვის სოფელში მუშაობა აეკრძალათ.[13]

1932 წელს შოლოხოვი სკკპ-ს შეუერთდა, ხოლო 1937 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა.

1937 წელს შოლოხოვის უახლოესი მეგობარი, ვიოშენსკაიას პარტიული კომიტეტის მდივანი პ. კ. ლუგოვოი დააკავეს. შოლოხოვი ამ დროს მწერალთა საერთაშორისო კონფერენციას უნდა დასწრებოდა, თუმცა მან მეგობრის დაპატიმრების გამო ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვა. სტალინმა საქმეზე გამოძიება დაიწყო და მწერალი კრემლში მიიწვია. მათი შეხვედრის შემდეგ, ლუგოვოი და მასთან ერთად კიდევ ორი პატიმარი შოლოხოვის შუამდგომლობით გაათავისუფლეს. სტალინთან მიწერილ წერილში მწერალი მწუხარებას გამოთქვამდა, რომ უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხისმგებელი ადამიანები დაუსჯელნი რჩებოდნენ.

1939 წელს შოლოხოვი სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. მწერალი 1959 წელს კომპანიონობას უწევდა ნიკიტა ხრუშჩოვს მოგზაურობაში ევროპასა და აშშ-ში. 1961 წელს შოლოხოვი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა. მწერალმა ორჯერ მოიპოვა სოციალისტური შრომის გმირის საპატიო წოდება. შოლოხოვი სსრკ-ს მწერალთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

სიცოცხლის ბოლო წლები

რედაქტირება

შოლოხოვმა წერა 1969 წლის შემდეგ შეწყვიტა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვიოშენსკაიაში გაატარა. მწერალმა ნობელის პრემიით მიღებული თანხით ოჯახთან ერთად ევროპასა და იაპონიაში იმოგზაურა,[14] ლენინური პრემიით კი თავის სოფელში სკოლის აშენება დააფინანსა.

შოლოხოვი 1984 წლის 21 თებერვალს ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა. იგი ვიოშენსკაიაში, მისი სახლის ეზოში დაკრძალეს.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118748823 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. filmportal.de — 2005.
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 743–748. — ISBN 5-94848-307-X
  8. ПроДетЛит — 2019.
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. nobel prize in literature 1965.
  11. ФЭБ: Переписка – 1997 (описание)[მკვდარი ბმული]
  12. McSmith, Andy (2015). Fear and the Muse Kept Watch. 2015: The New Press, გვ. 207. ISBN 978-1-59558-056-6. 
  13. McSmith, Andy. Fear and the Muse Kept Watch, გვ. 207–209. 
  14. Aleksei Torgashev. Who and how spent his Nobel Prize article at Kommersant, from Ogoniok №41, p. 16, 16 October 2005 (in Russian)
  15. Official website of the National Sholokhov Museum-Reserve