მიხეილ მჭედლიშვილი
მიხეილ მჭედლიშვილი (მჭედლოვი) (დ. 26 იანვარი, 1903, ბათუმი — გ. 21 თებერვალი, 1974, მოსკოვი) — ქართველი მუსიკოსი, პირველი ქართველი არფისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამამამისი, პავლე ლუკას ძე, თავისი დროისათვის მეტად განათლებული და ცნობილი პიროვნება იყო. ზაქარია ჭიჭინაძე თავის წიგნში „ქართველი კათოლიკენი ყველა ასპარეზზედ...“, მას შემდეგნაირად ახასიათებს:
„ყველა საქმეში, ყველა დაწესებულებაში არის სამაგალითო ადამიანი, დიდი მამულიშვილი, მართლმსაჯული და დაუღალავი მუშაკი. იგი ისეთი ქართველია, რომლის მსგავსი პირნი ჩვენს დროში იშვიათად მოიპოვება...“
|
პატარა მიხეილი თავიდანვე გაიტაცა მუსიკამ. ჯერ ფორტეპიანოს ეუფლებოდა, შემდეგ გიტარას მოჰკიდა ხელი და შეისწავლა კიდეც სრულყოფილად. 1923 წელს თბილისში ჩამოვიდა კომპოზიციის შესასწავლად, მაგრამ რადგან ახალდაარსებულ კონსერვატორიაში ეს დარგი არ ისწავლებოდა, მიხეილმა არჩევანი, შედარებით უცხო სიმებიან საკრავზე, არფაზე შეაჩერა (ლარისა სიჩუგოვას კლასი). აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ თეორიას ზაქარია ფალიაშვილი და ია კარგარეთელი უკითხავდნენ.
ნიჭიერმა მოწაფემ მალე მიიპყრო პედაგოგთა ყურადღება. 1925 წელს რუსი კომპოზიტორის მ. იპოლიტოვ-ივანოვის ინიციატივით, რომელიც ამ დროს თბილისში მოღვაწეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვში გაგზავნეს. აქ იგი ჯერ მუსიკალურ მუშფაკში მოეწყო, შემდეგ კი კონსერვატორიაში გადაიყვანეს გამოჩენილი არფისტის, პროფესორ ნ. პარფიონოვის კლასში. 1930-1932 წლებში უკრავდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ორკესტრში.
1934 წელს მიხეილ მჭედლიშვილმა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია და მყისვე ჩადგა მოწინავე საბჭოთა არფისტთა პირველ რიგებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საშემსრულებლო მოღვაწეობას იგი სტუდენტობის პერიოდშიც ეწეოდა. 1933 წლიდან იყო მოსკოვის ფილარმონიისა და სსრკ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის არფისტი; II მსოფლიო ომის პერიოდში, 1941-დან საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სოლისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (არფა); 1943-1948 წლებში უკრავდა საკავშირო რადიოს ორკესტრსა და ვახტანგოვის სახელობის თეატრის ორკესტრში; ამავე დროს მოღვაწეობდა მოსკოვის კონსერვატორიასა და მუსიკალურ სასწავლებლებში. 1946 წელს დანიშნეს დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში კონსერვატორიაში. 1956-1973 წლებში იყო სიმებიანი განყოფილების დეკანი. 1943 წელს მიენიჭა დოცენტის, 1966 წელს რსფსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება. სიცოცხლის ბოლომდე იყო არფისტთა სამამულო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
1950 წლიდან მიხეილ მჭედლიშვილი მთლიანად გადადის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სასწავლებელში იგი განაგებდა არფის კლასსა და სიმებიან განყოფილებას. 1952-1960 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის გნესინების სახელობის სასწავლებელში. თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგად მან შექმნა არფაზე სწავლების საკუთარი სკოლა, აღზარდა 100-მდე არფისტი, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის არფის დაკვრის პედაგოგიკისა და მეთოდიკის საკითხების დამუშავებაში; როგორც კომპოზიტორმა გაამდიდრა არფისტთა საკონცერტო რეპერტუარი, არის არფისთვის დაწერილი მრავალი ნაწარმოების ავტორი და რედაქტორი. მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა სუიტა, პრელუდია, ეტიუდი, პოემა. ორიგინალური ნაწარმობების გარდა კომპოზიტორმა არფაზე შესასრულებლად გადაიტანა მსოფლიო კლასიკოსთა, მათ შორის ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები. იგი ხშირად მიმართავს ხალხურ მუსიკასაც. ქართული ფოლკლორიდან დამუშავებული აქვს მეგრული სიმღერები „ჩელა“ და „სისატურა“. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ეძღვნება საქართველოს და მათში უხვად არის გამოყენებული ქართული ხალხური ინტონაციები.
ლიტერატურა
რედაქტირება- პირველი ქართველი არფისტი, საბჭოთა ხელოვნება, გ. დოლიძე, 1964, №3, გვ. 31-33
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 354