მიხეილ მგალობლიშვილი

ქართველი ექიმი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.

მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი (მგალობელი) (დ. 12 ივლისი, 1887, ქუთაისი — გ. 27 თებერვალი, 1931, თბილისი) — ქართველი ექიმი, პროფესორი (1930). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგია თავმჯდომარე (1922-1927).

მიხეილ მგალობლიშვილი
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1887(1887-07-12)
დაბ. ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1931(1931-02-27) (43 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1910 წელს. იმავე წელს სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ქ. ბაზელში (შვეიცარია). შემდეგი რავა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში; 1911 წელს დაბრუნდა რუსეთში და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა ქ. ყაზანის უნივერსიტეტში;1912 წელს დიდად განსწავლული სპეციალისტი დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისში ერობის ექიმად.

1914–1919 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში „ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში“ პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად და ორდინატორად „ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტში“; 1919 წელს განაგებს რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას, 1920 წლის სექტემბერში არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გინეკოლოგიური კლინიკის უფროს ასისტენტად პროფესორ გაბრიელ ღამბარაშვილთან. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში; იყო ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“ პირველი რედაქტრი. 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „საშვილოსნოს ფიბრომიომების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხებისთვის“, იმავე წელს უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო მიზნით 7 თვით იყო მივლინებული გერმანიასა და საფრანგეთში მკურნალობის ახალი მეთოდების შესასწავლად. 1926 მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება; უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებსდა და პარალელურად ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას. 1930 წელს აირჩიეს პროფესორად; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა საშვილოსნოს სიმსივნები და ჰიპერპლაზია, ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, თამბაქოს გავლენა ქალის სასქესო სფეროზე, გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები და სხვა.

43 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საშვილოსნოს სუპრავაგინალური ამპუტაცია თუ მისი სრული ამოკვეთა მიომების და სხვა დაავადების დროს (ავტორი). - ტფილისი, 1926. - 13გვ.
  • საშვილოსნოს ფიბრომიომების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხისათვის  : პათოლოგ-ანატომიური და კლინიკური გამოკვლევა (ავტორი). - ტფილისი, 1925. - 204გვ.
  • Uber die an Perityphlitis sich anschliessendem intra- und perihepatische (ავტორი). Affectionen (ავტორი). - Basel, 1910
  • Einfluss der Arbeit in der Tabakindustrie auf die Geschlechtssphare der Arbeiterin. Monatsschr f.Geburtsh u.Gynak, Basel,1931; 88: 237- 247.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლობჟანიძე, თ., მგალობლიშვილი, გ., მიხეილ მგალობლიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2020, ISBN 978-9941-479-52-6.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, გვ. 260, თბ., 1994.
  • გიგინეიშვილი მ., ადამიანთა ჯანმრთელობის სამსახურში, გვ. 29-30, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება