მიწობის წმინდა სტეფანეს ეკლესია

მიწობის წმინდა სტეფანეს ეკლესია, გოლას საყდარიარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში, მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1,5 კმ-ზე, მთის ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,7X5,8 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. ეკლესიას სამი თაღოვანი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ნალისებრი აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი შეწყვილებული სარკმელია. სარკმლის გვერდებზე ორ-ორი ნიშია, რომელთაგან სამში კიდევ თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში ნიშებს ზემოთ კედლის სისქეში მოწყობილია პატარა სამალავი. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის კუთხეებში კრონშტეინებზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანი შეკიდული პილასტრებია. გრძივი კედლების დასავლეთის მონაკვეთი ორჯერ მეტია აღმოსავლეთისაზე. პილასტრების პირველ საფეხურზე კედლის დეკორატიული თაღები იყო გადაყვანილი, ხოლო მეორეზე კამარის საბჯენი თაღები.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლები მოჩარჩოებულია გრეხილი ლილვით. ჩრდილოეთ კუთხეში ქვემოთ პატარა შეღრმავებული ჯვარია. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე გამოსახულია სამსაფეხურიან ბაზისზე მდგარი რელიეფური ჯვარი. სამხრეთი შესასვლელი გადახურულია დიდი ზომის ნახევარწრიული ქვით, რომელიც ზემოდან გრეხილი ლილვითაა შემკული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7583