მირნის სადგური
მირნის სადგური (რუს. Мирный — „მშვიდი“) — რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი სადგური ანტარქტიდაში. მდებარეობს დედოფალ მერის მიწაზე, პრავდის ნაპირზე, დეივისის ზღვის სანაპიროზე, ავსტრალიის ანტარქტიდულ ტერიტორიაზე. განლაგებულია კონტინენტურ ყინულსა და კლდეებზე, ზღვის დონიდან 35 მ სიმაღლეზე.[1] სადგურს მართავს არქტიკული და ანტარქტიდული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1920 წელს დაარსდა.[2]
მირნის სადგური | |
---|---|
მირნის სადგური 2007 წელს | |
სტატუსი | მოქმედი |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა |
ანტარქტიდა პრავდის ნაპირი |
დაარსების თარიღი | 13 თებერვალი, 1956 |
მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა | 15-20 |
სინოპტიკური ინდექსი | 89592 |
მეტეომოედნის სიმაღლე | 39,9 მ |
კოორდინატები | 66°33′20″ ს. გ. 93°00′11″ ა. გ. / 66.55556° ს. გ. 93.00306° ა. გ. |
გაიხსნა 1956 წლის 13 თებერვალს. წარმოადგენს პირველ საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურს. უახლოესი ანტარქტიდული სადგური — დეივისი 678 კმ-ში მდებარეობს. მირნის ობსერვატორია ანტარქტიდაში წარმოებული რუსეთის კვლევების ძირითადი ბაზაა. იგი უზრუნველყოფს ვოსტოკის სადგურის ცხოველმოქმედებას. ყველა ლოგისტიკურ ოპერაციას ახორციელებს სინოპტიკური ჯგუფი, რომელიც სადგურზე მუდმივად მუშაობს. მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში. მუშაობს 15-20 კაცი. პოლარული ღამე არ იცის. პოლარული დღე გრძელდება 7 დეკემბრიდან 5 იანვრამდე.[3]
სადგურის რაიონში დამახასიათებელია ხშირი ქარბუქი და ძლიერი ქარი, რომელიც ანტარქტიდის ცენტრიდან ქრის. ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის –11,3 °C-ს, მაქსიმალური +6,8 °C, მინიმალური –40,3 °C. ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 11,2 მ/წმ-ს, მაქსიმალური — 56 მ/წმ-ს. უმეტესწილად უბერავს აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების ქარი. შტორმული ქარების მაქსიმალური დღეების რაოდენობა წელიწადში 247 აღწევს.[3]
ტროპიკული ციკლონის დღეების რაოდენობა 20-25 წელიწადში. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 400 მმ-ია. წვიმა მხოლოდ ზაფხულში მოდის, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. მირნის სადგურის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: გლაციოლოგია, სეისმოლოგია, მეტეოროლოგია და ოკეანის ბიოლოგია; სწავლობენ აგრეთვე ჩრდილოეთის ციალისა და კოსმოსური სხივების საკითხებს. სადგურს სახელი ეწოდა კარჭაპ „მირნის“ მიხედვით.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая советская энциклопедия — Мирный
- ↑ Арктический и антарктический научно-исследовательский институт
- ↑ 3.0 3.1 Вокруг света - первый познавательный портал — Мирный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-28. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
- ↑ Арктический и антарктический научно-исследовательский институт